დღესდღეობით საქართველოში პოლიტიკური კრიზისი უკვე მხოლოდ პარტიებს შორის დაპირისპირების ფორმა აღარ აქვს. ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, სამართალდამცავი სისტემა, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების მექანიზმები  ვერ ასრულებენ მოქალაქის დაცვის ფუნქციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ხელისუფლების კრიტიკოსებს, ოპოზიციურ აქტივისტებს ან პროტესტში მონაწილე ადამიანებს ეხებათ.

Freedom House-ის 2022 წლის ანგარიშში საქართველო შეფასებულია როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანა  58 ქულით 100-დან. ანგარიშში წერია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის ნიშნები გაძლიერდა, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს ოლიგარქიული ძალაუფლება, ხოლო კანონის უზენაესობას პოლიტიზაცია აზიანებს.

არჩევნების მიმართ ნდობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებას" შორის ზღვრის წაშლამ პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა დააზიანა.

ამავე სურათს ემატება 2022 წლის ივნისის ევროპული გადაწყვეტილება. 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივის აღიარება და 12 პრიორიტეტის შესრულება შესთავაზა. 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა. ამით საქართველო, რომელიც უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მიდიოდა ევროპულ გზაზე, იმ ეტაპზე უკან დარჩა.

ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მტკივნეული იყო იმის ფონზე, რომ ევროკომისიისავე შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის 83% ევროკავშირში გაწევრებას უჭერდა მხარს, ხოლო ევროპული მისწრაფება ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ხელისუფლების პოზიციამ საზოგადოების ნაწილის იმედგაცრუება კიდევ უფრო გაამძაფრა. 2022 წლის 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს. იმავე დღეებში თბილისში ათასობით ადამიანი გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების ხმა, რომლებიც ყოველდღიურად გრძნობენ, რას ნიშნავს პარტიული გავლენა პატარა ქალაქში, რას ნიშნავს პოლიციის უმოქმედობა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ხელისუფლების კრიტიკოსია, და რას ნიშნავს პოლიტიკური აქტიურობა გარემოში, სადაც განსხვავებული აზრი ხშირად პირად საფრთხედ იქცევა.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანია  ბორჯომელ პოლიტიკური აქტივისტი მიხეილ ნოზაძე. ის, როგორც საკუთარ თავს ახასიათებს არ არის მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსი და არც საჯარო ტრიბუნის სახე. ის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო ოჯახზე ზეწოლა, ბიზნესის განადგურება, ქუჩაში ძალადობა და სამართალდამცავი სისტემის უგულებელყოფა გამოცადა. დღეს, ის ბორჯომში უკრაინის მხარდასაჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, სოლიდარობის შეკრებისთვის ემზადება და ამბობს, რომ ასეთ დროს დუმილი უკვე დიქტატურაში თანამონაწილეობას ნიშნავს.

ჩვენ მიხეილს ვაძლევთ საშუალებას, თავად მოჰყვეს, რატომ მივიდა პოლიტიკური აქტივიზმამდე, რა პრობლემები დაინახა „ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში და რატომ მიაჩნია, რომ უკრაინის მხარდაჭერა დღეს საქართველოს ღირსების საკითხია.

"მე ვარ მიხეილ ნოზაძე, ქ. ბორჯომიდან. ჩემი ისტორია პოლიტიკით არ დაწყებულა. ჩვეულებრივ გარემოში გავიზარდე, ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და სადაც ადამიანის პოლიტიკური პოზიცია ძალიან სწრაფად ხდება მთელი საზოგადოების სალაპარაკო. მაგრამ წლების განმავლობაში ნელ-ნელა მივხვდი, რომ საქართველოში პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკოსის საქმე არაა.  ის ეხება სკოლებს, სამსახურს, ბიზნესს ქუჩას, პოლიციის განყოფილებას და ბოლოს ადამიანის პირად უსაფრთხოებასაც კი. 

მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა პირველი მძიმე დარტყმა ჩემმა ოჯახმა მიიღო. დედაჩემი წლების განმავლობაში სოფლის სკოლაში მუშაობდა და მთელი ენერგია ბავშვების განათლებას, სკოლის განვითარებას და სოფლისთვის უკეთესი პირობების შექმნას მიუძღვნა. მისთვის სკოლა პარტიული სივრცე არასდროს ყოფილა. როცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა  ადგილობრივ დონეზე გავლენა გაამყარეს ყველა ის კადრი რომელიც მათ არ დაემორჩილა თავიდან მოიშორეს და დედაჩემიც ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა.  დედაჩემზე ზეწოლა მიმდინარეობდა რათა "ქართული ოცნების" პარტიულ აგიტაციაში ჩართულიყო და რადგანაც დედამ ეს არ გააკეთა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ალბათ ბევრმა ადამიანმა საკუთარი დედა და ოჯახის წევრი ამოიცნო ამ ისტორიაში, იცით მაინც 2012 წლიდან 2022 წლამდე, ანუ 10 წლის მანძილზე რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მხოლოდ იმიტომ რომ “ქართულ ოცნებას” არ დაემორჩილა?! ათასობით ადამიანმა! ვიღაცისთვის ეს ციფრები მხოლოდ სტატისტიკაა, ჩვენთვის კი მწარე რეალობა!

შემდეგ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაზეც აისახა. ბორჯომში საოჯახო ბიზნესი გვქონდა და ტურისტულ სფეროში ვმუშაობდით. წლების განმავლობაში ვშრომობდით, რომ საკუთარ საქმეში წარმატებულები ვყოფილიყავით,  მაგრამ ნელ-ნელა ჩვენნაირი მცირე ბიზნესებისთვის სივრცე ჩაიკეტა. ქალაქში გაჩნდა გავლენიანი ჯგუფები,მონოპოლიის ნიშნები. მცირე მეწარმეებისთვის გარემო სულ უფრო მძიმე გახდა. თუ არ იყავი სისტემასთან დაკავშირებული, თუ არ გყავდა მფარველი და თუ ღიად არ უჭერდი მხარს მმართველ პარტიას, დაუცველი იყავი.

პანდემიამ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. ტურიზმი გაჩერდა, შემოსავალი გაქრა, მაგრამ სახელმწიფოსგან მცირე ბიზნესმა რეალური დაცვა ვერ მიიღო. ჩემთვის ეს მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი არ იყო. ეს იყო განცდა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეები მარტო დატოვა მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. საბოლოოდ ჩვენი საოჯახო ბიზნესი დავკარგეთ. ამან კიდევ უფრო გამიმყარა აზრი, რომ ქვეყანაში პრობლემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სფეროში არ იყო. პრობლემა იყო მთლიანად მმართველობის სტილი.

ამ ყველაფრის შემდეგ ბუნებრივად მივედი პოლიტიკურ აქტივობამდე. მე არ მინდოდა მხოლოდ უკმაყოფილო ადამიანი ვყოფილიყავი, რომელიც სახლში ზის და არაფერს აკეთებს. 2020 წელს აქტიურად ჩავერთე ოპოზიციურ კამპანიაში. დავდიოდი შეხვედრებზე, ვესაუბრებოდი ადამიანებს, ვუხსნიდი, რატომ იყო საჭირო ცვლილება. კარდაკარ სიარული ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რადგან პირველად ვიგრძენი, რომ ჩემი ხმა და ჩემი მოქმედება კონკრეტული ადამიანებისთვის ქმედითუნარიანი იყო.

მაგრამ აქტიურობას მალე მოჰყვა პასუხი პარტია "ქართული ოცნებისთვის". ჩემთან მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, ჯერ „რჩევით“ და შემდეგ მუქარით ეთქვათ, რომ სჯობდა გავჩერებულიყავი. მეუბნებოდნენ, რომ შემეძლო ფული მეშოვა, სამსახური მეშოვა, უკეთ მეცხოვრა, თუ ოპოზიციას ჩამოვშორდებოდი. როცა არ დავთანხმდი , ზეწოლა ძალადობაში გადაიზარდა. ჩემზე თავდასხმა განხორციელდა პოლიტიკური აქტიურობის გამო. მაგრამ ყველაზე მძიმე თავად ძალადობა კი არ აღმოჩნდა, არამედ ის, რაც შემდეგ მოხდა. პოლიციას მივეცი ჩვენება, დავასახელე გარემოებები, ავუხსენი, რატომ უკავშირდებოდა ეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქმე ისე დაიხურა, რომ რეალური პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

სწორედ აქ მივხვდი, რომ პრობლემა მხოლოდ ქუჩაში მყოფ  მოძალადეში არ არის. პრობლემა იმ სისტემაშია, რომელიც მოძალადეს ეუბნება: თუ ხელისუფლების კრიტიკოსს დაესხმები თავს, არაფერი მოგივა. როცა პოლიცია შენს დასაცავად არ მუშაობს, როცა გამოძიება ფორმალობად იქცევა, როცა დაზარალებულს პასუხად მხოლოდ დახურულ საქმეს აძლევენ, ეს უკვე ცალკეული უსამართლობა აღარ არის. ეს სისტემაა.

მე არ დავნებდი და 2021 წელსაც გავაგრძელე აქტიურობა. ადგილობრივი არჩევნების პერიოდში მოქალაქეებზე ზეწოლა მიმდინარეობდა,  ადამიანებს დაშინება, ოპოზიციის დისკრედიტაცია  ეს ყველაფერი ყოველდღიურ რეალობად იქცა. არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პროტესტი გაგრძელდა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მისი მდგომარეობის გამო. მეც ვიყავი ამ პროცესებში ჩართული, რადგან მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანა წარმოუდგენლად  განვითარდა და მე ეს დრო კარგად მახსოვდა.

აქციებზეც კარგად დავინახე, როგორ მუშაობს ძალადობის მექანიზმი. ხელისუფლების მხარდამჭერი აგრესიული ჯგუფები ხშირად ცდილობდნენ პროტესტის მონაწილეების პროვოცირებას და დაშინებას.

პოლიცია კი, რომლის მოვალეობა მოქალაქის დაცვაა, ხშირად ან უმოქმედოდ იდგა, ან თვითონვე მოქმედებდა ისე, რომ მშვიდობიან მოქალაქეს დაცულად კი არა, საფრთხეში ეგრძნო თავი. ასეთი შემთხვევების მსხვერპლი მეც გავმხდარვარ, მეც გამისწორდნენ ფიზიკურად თუ სიტყვიერად მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი. არაერთხელ გამისწორდნენ ფიზიკურად ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რის გამოც კლინიკაში მომიწია მკურნალობა, თუმცა პოლიცია არასდროს მოქმედებს კანონის შესაბამისად! მათი განაჩენია - “ოპოზიციონერი ხარ? მაშინ თუ გცემენ ღირსი ხარ”! აი, ასეთ სახელმწიფოში, ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომელსაც აუცილებლად შევცვლით !

2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა, ჩემთვის ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ ყოფილა. ქართველისთვის რუსული აგრესია უცხო ისტორია არ არის. ჩვენც გამოვიარეთ ომი, ოკუპაცია, დევნილობა, დაკარგული ტერიტორიები. ამიტომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა ჩემთვის მხოლოდ ემოცია არ არის, ეს არის მორალური ვალდებულება.

როცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდებოდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. მესმის, რომ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს უსაფრთხოების არგუმენტები, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა ქვეყანამ მაინც მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს საკუთარი აზრი თუ ვის მხარეს დგას. უკრაინის ომში ნეიტრალური პოზიცია ჩემთვის მორალურად გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმ ქვეყნისგან, რომლის ტერიტორიებიც თავად არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

ამიტომ დღეს, ჩვენ ბორჯომში უკრაინის მხარდასაჭერი აქციისთვის ვემზადებით. ეს აქცია ჩემთვის მხოლოდ უკრაინის დროშის აღმართვა არ არის. ეს არის განაცხადი, რომ ქართველი ხალხის ხმა არ ემთხვევა ყოველთვის ხელისუფლების სიფრთხილეს, დუმილს ან გაურკვეველ პოზიციას. ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ უკრაინა მარტო არ არის და რომ საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებიც რუსულ აგრესიას საკუთარ ტკივილად აღიქვამენ.

ბორჯომში ასეთი აქციის ორგანიზებას თავისი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ჰგონიათ, რომ პროტესტი მხოლოდ თბილისში მიმდინარეობდეს, მაგრამ ქვეყანა მხოლოდ ერთი დედაქალაქი არ არის, ეს ვაჩვენეთ მაშინაც, როდესაც მიხეილ სააკაშვილს გამოვუცხადეთ სრული მხარდაჭერა! რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებსაც აქვთ საკუთარი ხმა, ტკივილი და პასუხისმგებლობა. პატარა ქალაქში გამოსვლა ზოგჯერ უფრო რთულია, რადგან ყველა გიცნობს, ყველა გიმახსოვრებს  და ზეწოლის საფრთხეც უფრო პირადია. მაგრამ სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ რეგიონებშიც ამოვიღოთ ხმა. მე მინდა რომ არავის ეშინოდეს, ამ დიქტატურის დასასრული ახლა ძალიან ახლოა და ამას მხოლოდ ერთობით შევძლებთ!

მე მინდა ადამიანებს ვუთხრა: არ იფიქროთ, რომ ერთი ადამიანის ხმა არაფერს ცვლის. სწორედ ასე გვაჩვევს ჩვენი ხელისუფლება ცხოვრებას, თითქოს ერთი ადამიანი არაფერს ნიშნავს, ერთი აქცია არაფერს ცვლის, ერთი ქალაქის პროტესტს მნიშვნელობა არ აქვს. სინამდვილეში ყველაფერი ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით იწყება. როცა ერთი ადამიანი ამბობს, რომ აღარ ეშინია, სხვასაც უჩნდება ძალა.

არ მინდა ისეთ  ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანი პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურს კარგავს, სადაც მცირე ბიზნესი დაუცველია, თუ მმართველ სისტემასთან არ არის დაკავშირებული და სადაც ოპოზიციური აქტივისტი ქუჩაში შეიძლება სცემონ და შემდეგ საქმე ისე დაიხუროს, თითქოს არაფერი მომხდარა. არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პოლიცია მოქალაქეს კი არ იცავს, არამედ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ინტერესს ემსახურება.

მე მინდა საქართველო, სადაც კანონი მოქალაქისთვის  მუშაობს და არა მოქალაქის წინააღმდეგ. მინდა ქვეყანა, სადაც ხელისუფლების კრიტიკა ნორმალური პოლიტიკური პროცესია და არა საფრთხე. მინდა ქვეყანა, რომელიც უკრაინის გვერდით დგას იმიტომ, რომ საკუთარი ისტორია ამას ავალდებულებს.

8 სექტემბერი დიდი დღეა.  ამიტომ ჩემი მოწოდება მარტივია: უნდა გამოვიდეთ, უნდა ვილაპარაკოთ, უნდა დავანახოთ ერთმანეთს, რომ მარტო არ ვართ. ეს ქვეყანა არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის. საქართველო ეკუთვნის ხალხს, რომელსაც აქვს უფლება, არ დაეთანხმოს ხელისუფლებას, გააპროტესტოს უსამართლობა და მხარი დაუჭიროს თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანას.

მიხეილ ნოზაძის მონათხრობში ყველაზე მნიშვნელოვანი არა ერთი კონკრეტული თავდასხმა ან ერთი კონკრეტული ეპიზოდია, არამედ ის პოლიტიკური გარემო, რომელიც ამ ეპიზოდებს შესაძლებელს ხდის. მისი ისტორია აჩვენებს, როგორ გადადის პარტიული გავლენა ადამიანის ოჯახზე, სამსახურზე, ბიზნესზე და უსაფრთხოებაზე. როგორ იქცევა ადგილობრივი პოლიტიკური კონტროლი ყოველდღიურ ზეწოლად და როგორ კარგავს მოქალაქე სამართლის იმედს, როცა სახელმწიფო ძალადობაზე რეაგირების ნაცვლად დუმილს ან ფორმალურ გამოძიებას ირჩევს.

საქართველოში ბოლო წლებში დაგროვილი საერთაშორისო შეფასებები სწორედ ამ პრობლემის ფართო სურათს აღწერს: დემოკრატიული უკუსვლა, ოლიგარქიული გავლენა, სასამართლოს პოლიტიზაცია, არჩევნებზე ზეწოლის ბრალდებები, მედიისა და აქტივისტების უსაფრთხოების პრობლემა და  სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის ზღვრის წაშლა. ეს ყველაფერი ცალკე აღებული პოლიტიკური ტერმინები არ არის. მიხეილის მსგავსი ადამიანების ცხოვრებაში ეს ნიშნავს შიშს, დაუცველობას და მუდმივ რისკს, რომ განსხვავებული პოზიციის გამო პირად ფასს გადაიხდი.

უკრაინის ომმა ეს რეალობა კიდევ უფრო მკაფიო გახადა. მაშინ, როცა უკრაინა რუსულ აგრესიას ებრძვის, საქართველოს საზოგადოებისთვის სოლიდარობა მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკის საკითხი არ არის. ეს არის ისტორიული მეხსიერების, ოკუპაციის გამოცდილების და თავისუფლებისადმი ერთგულების საკითხი. ხელისუფლების პოზიცია შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკუთარი აზრო თავად გამოხატონ. 

8 სექტემბრისთვის დაგეგმილი ბორჯომის აქცია სწორედ ამ მნიშვნელობას ატარებს.  ეს არის მცდელობა, რომ პატარა ქალაქიდანაც გაისმას ხმა თავისუფლების, სოლიდარობისა და ღირსების დასაცავად. და სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შიშის მიუხედავად ლაპარაკს აგრძელებენ, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა სხვა გზას დაადგეს".