საქართველოში პირველად იწყება ახალგაზრდების და სრულიად ახალი სახეების პოლიტიკური მოძრაობა და ვიწყებთ ჩვენ, ვინც წლებია, ვშრომობთ და ვიბრძვით, რომ გვქონდეს ბედნიერი მომავალი. ჩვენი მოძრაობის სახელია "სართული", - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "სართულის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვადო მაჭავარიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მოძრაობა იქნება მათთვის, ვინც იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული, მაგრამ რაც მთავარია, ეროვნული ძალები.

"საქართველოში პირველად იწყება ახალგაზრდების და სრულიად ახალი სახეების პოლიტიკური მოძრაობა და ვიწყებთ ჩვენ, ვინც წლებია, ვშრომობთ და ვიბრძვით, რომ გვქონდეს ბედნიერი მომავალი. ჩვენი მოძრაობის სახელია "სართული", ვიწყებთ ახალი თაობის სართულის შენებას და გულით გვჯერა, რომ ეს მოძრაობა იქნება ყველასი და ყველასთვის. აქ გელოდებით ყველას, ვინც იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული, მაგრამ რაც მთავარია, ეროვნული ძალები, ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი და ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებებზე გადასვლაა საჭირო და სადღეგრძელოების და უბრალო სიტყვების იქით საჭიროა საქმის კეთება.

ხალხში საჭიროა ნაკლები ჩხუბი და მეტი ერთიანობა, ამიტომაც ვიწყებთ დღეს სუფთა ხელებით აქ და ახლა. არაფრის გვეშინია და ყველაზე რთულ დროს თუ არ დავიწყეთ მოქმედება, მგონია, რომ დაიკარგება ეს ქვეყანა, მისი იდენტობა, თავისუფლება და გაქრება. ამიტომაც გადავდივართ ბრძოლის სრულიად ახალ ეტაპზე ჩვენი სამშობლოსა და მისი ბედნიერი მომავლისთვის.

თავისუფლება, გამარჯვება და სოლიდარობა "სინდისის" ყველა პატიმარს, მათ შორის ბევრი ჩვენი მეგობარი არის და მინდა იცოდნენ, რომ ეს ბრძოლა არის მათთვის", - განაცხადა მოძრაობა "სართულის" ერთ-ერთმა ლიდერმა.