არანაირი დაპირისპირება არ არის, პოლიტიკური ბრძოლის მეთოდზე სხვადასხვა აზრი გვქონდა, - ამის შესახებ დიპლომატმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისი ერთადერთი მოსაზრება, რომელიც არ იყო თანხვედრაში  პარტიასთან, ეს არის ამ მოცემულობაში არჩევნებში მონაწილეობა.

"პოლიტიკური ბრძოლის მეთოდზე სხვადასხვა აზრი გვქონდა. დისკომფორტი რომ არ შექმნილიყო, რომ არ შევზღუდულიყავი და ჩემი თავისუფალი აზრი თუნდაც აქტიურად საჯაროდ დამეფიქსირებინა, ამიტომ იყო შეთანხმება. უბრალოდ, გუშინ დაემთხვა, რომ ტექნიკური პროცესი დასრულდა.

არანაირი დაპირისპირება არ არის, ჯანმრთელი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. ეს გადაწყვეტილება, რომ პარტიულ სიაში არ ვყოფილიყავი, მანამდე იყო მიღებული ერთობლივად, მერე ველოდებოდით, რომ ტექნიკური პროცესი დასრულებულიყო.

ჩემი ერთადერთი მოსაზრება, რომელიც არ იყო თანხვედრაში, ეს არის ამ მოცემულობაში, სადაც ვერ შედგა ერთიანი ფრონტის მობილიზება, არჩევნებში მონაწილეობაა.

მრავალი სისტემური ემპირიული კვლევებია თუ როგორ მოქმედებს ავტოკრატების საარჩევნო სტრატეგიები და რა ფაქტორებია. თუ იქნებოდა, რომ ერთიანი ფრონტით, გაერთიანებულად მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში, ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. ახლა გვაქვს მოცემულობა და ორი ვარიანტი - ერთი ან ორი პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს არჩევნებში, ან არავინ მონაწილეობს და პროტესტი გრძელდება. ამ მოცემულობაში მე უფრო მეტ რისკებს ვხედავ გაყოფილ მონაწილეობაში საერთო მიზნის მისაღწევად, ვიდრე სრულ ბოიკოტში. ეს შეეხება საერთაშორისო დელეგიტიმაციას. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მხარეს არის ძალიან დიდი არგუმენტი და რესურსი იმიტომ, რომ მოსახლეობის 70% პროევროპულად განწყობილია. ბოლო კვლევებით, "ქართული ოცნების" ამომრჩევლის 2/3 პროევროპულია და რეჟიმი ყველაზე რთულ პერიოდს გადის, რომ რაღაცნაირი სტაბილიზაცია განიცადოს. მე ამიტომ ვხედავ, რომ გაყოფილად არჩევნებში მონაწილეობა რაღაც ტიპის ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს "ოცნებას", მით უმეტეს, რომ პროცესი მიდის", - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მსჯელობა დაიწყო, მისი და პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური გზები გაიყო.