უბრალოდ, არაადამიანურობაზე ვსაუბრობთ. ადამიანს, რომელიც დარჩა უსახლკაროდ, მას თუ თავშესაფარი მივეცი, მე წავალ ციხეში 5 წლის ვადით, -  ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში არაადამიანურ კანონმდებლობას იღებენ.

"აქ საუბარი კონსტიტუციურ პრინციპებზე, საერთაშორისო კონვენციებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებზე - ამაზე საუბარიც ზედმეტია, უბრალოდ, არაადამიანურ კანონმდებლობას იღებენ.

მიღებული კანონით, ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია ფინანსურ დანაშაულში, სანამ აანაზღაურებს ზიანს დაზარალებულის წინაშე, ფაქტობრივად, ექნება საშუალება თვეში მხოლოდ 460 ლარი მოიხმაროს, ხოლო ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გადასცემს ამ 460 ლარზე მეტს, ან ბინა თავშესაფრად დავუთმე, თუ სახელმწიფო და "უმწიკვლო სასამართლო" გადაწყვეტს, რომ ამ ბინით სარგებლობა თვეში 460 ლარს აღემატება, მაშინ მე მომიწევს, რომ 5 წლით წავიდე ციხეში. უბრალოდ, არაადამიანურობაზე ვსაუბრობთ. ადამიანს, რომელიც დარჩა უსახლკაროდ, მას თუ თავშესაფარი მივეცი, მე წავალ ციხეში 5 წლის ვადით. ანუ, არ მაქვს უფლება, დავუთმო ის ბინა, რომელსაც დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს. იგივე ეხება მანქანას და სასოფლო-სამეურნე ტექნიკას. რა თქმა უნდა, ამისი ახსნა სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, უბრალოდ შეუძლებელია. ახსნა არის ერთადერთი - ვიღაცას და ეს ვიღაცა გასაგებია, ვინ არის, სურს პირადი მოწინააღმდეგეები თუ მტრები უბრალოდ გასრისოს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

"ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით ცვლილებები შეიტანა კანონპროექტში, რომლის მიხედვით, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულებისას მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და ასევე დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება. ახალი რეგულაცია შეეხება მხოლოდ იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიან შემდეგ დანაშაულებზე: თაღლითობა, გამოძალვა, გაფლანგვა, ქონების დაზიანება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ფინანსური კიბერდანაშაულები და სხვა მსგავსი შემთხვევები, როდესაც მიყენებული ზარალი 10 000 ლარს აღემატება.