წარმოუდგენელია - ამან, იმას, ის უთხრა - ეს რა სტანდარტია? ამაზე გურულების ანეკდოტი გამახსენდა - "მოვიდა ვინცხა, მოიტანა რაცხა და წავიდა საცხა", ეს იყო მთელი ჩვენება, - ამის შესახებ დაკავებულმა ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ირაკლი ნადირაძემ მოწმეს მიმართა კითხვით - ხომ არ დაადგინა მას და ირაკლი შაიშმელაშვილს შორის კავშირი.

"თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ კონფიდენტი, თქვენი ჩვენება აგებულია კონფიდენტზე, კონტაქტზე, მისტერ-იქსზე, მისტერ-ინკოგნიტოზე. წარმოუდგენელია - ამან, იმას, ის უთხრა - ეს რა სტანდარტია? ამაზე გურულების ანეკდოტი გამახსენდა - "მოვიდა ვინცხა, მოიტანა რაცხა და წავიდა საცხა", ეს იყო მთელი ჩვენება.

ჩვენებაში თქვით, რომ მისტერ-იქსმა, მისტერ-ინკოგნიტომ გითხრათ, რომ მას ირაკლი შაიშმელაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელმაც უთხრა, რომ ის იყო მთავარი ორგანიზატორი. აქ ვინც ვართ, სხვა ბრალდებულები, გვედავებიან ორგანიზატორობას, მაინტერესებს რომელიმე ჩვენგანი თუ ვყავართ კიდევ ნახსენები? ან ხომ არ დაგიდგენიათ ჩვენსა და შაიშმელაშვილს შორის კავშირი?", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.