ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან სინანულით დაასკვნა, რომ საქართველო ბევრად ასცდა კურსს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიურო მას დაჰპირდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან FARA-ს კანონის ფარგლებში საქართველოში მომუშავე 13 გერმანულ ორგანიზაციას. 

"განვიხილეთ ევროკავშირი. გავიხსენე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი მოსაზრება „უცხოელი აგენტის“ ტიპის კანონებთან დაკავშირებით. როგორც მეგობარმა, გავაფრთხილე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან სინანულით დაასკვნა, რომ საქართველო ბევრად ასცდა კურსს. 

ანტიკორუფციული ბიურო დამპირდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან FARA-ს კანონის ფარგლებში საქართველოში მომუშავე 13 გერმანულ ორგანიზაციას, რომლებიც გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, გერმანია-საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს ექვემდებარება და აუცილებელია ჩვენი ფართო და ღრმა კავშირების პრაქტიკული განხორციელებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ისინი ამისგან გათავისუფლდნენ", - წერს ფიშერი.