ამ კონფიგურაციით, ამ შიგთავსით, რაც დღეს აქვს დღევანდელ ოპოზიციურ ალიანსს, მე პერსპექტივას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთმა ნიკოლ ფაშინიანს მისცა კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი ნდობისა, რითაც გააფრთხილა, რომ ზღვარს და მარცხს შორის ერთი ნაბიჯია.

"ყველამ იცის, ვიყავით ამ სამეულში - სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ლიდერი, მაგრამ საქართველოს უმთავრესი პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ ჩვენ ვერ შევძელით ვერც წინა მმართველობის, ვერც იმის წინა მმართველობის დროს და დღეს ხომ ვერაფრით ვეღარ შევძელით და აქ, ამ მხრივ, სრული უიმედო ვითარებაა, რომ შეგვექმნა ნდობაზე დაყრდნობილი სახელმწიფო ინსტიტუციები პოლიტიკურად პლურალისტურ გარემოში, სადაც არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება შეიძლება. 

სომხებმა თქვეს კმარა და თქვეს იმის იმედით, ვინც ეს კონკრეტული პროცენტი ფაშინიანის პარტიას მისცა და თან არა საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის, ამით მათ უთხრეს - ფრთხილად იყავით ყველა მოსახვევში.

ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა, არ გვინდა ეს 95%-იანი გამარჯვებების მუდმივი ციკლი პოლიტიკაში, ვიყოთ ზღვარზე და ყოველთვის ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას და გვესმოდეს, რომ ზღვარს და დამარცხებას შორის ერთი ნაბიჯია ხშირად. სწორედ ეს ვუთხარი მე ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს, რომ ნახევარი ნაბიჯია გამარჯვებიდან მარცხამდე. სწორედ ამიტომ, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომ რამე შეიცვალოს, არის საზოგადოების ხელში. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ამის კვალობაზე კიდევ უფრო მეტად არის დუღილი საზოგადოებაში, რაც ხილული თვალით არ ჩანს, თუ ამას სწორი აქცენტებით და მიმართულებით გამოვიყენებთ, გამარჯვება იქნება.

ჩვენ ეს რეალობა თუ ვერ გავისიგრძეგანეთ, დავრჩებით გაღიმებულები და ეს არ გვინდა. პირდაპირ გეტყვით - ამ კონფიგურაციით, ამ შიგთავსით, რაც დღეს აქვს დღევანდელ ოპოზიციურ ალიანსს, მე პერსპექტივას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ასე საზოგადოება ვერაფრით ვერ მოემართება. ხალხისთვის ეს არის გუშინდელი დღე. ოქროს შუალედი გვჭირდება, რაზეც დღევანდელი ოპოზიცია ორიენტირებული საერთოდ არ არის", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.