იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გამოფენა “სვანეთი - დროისა და სივრცის ფარდობითი თამაში. ვიტორიო სელა - ნიკა ლებანიძე” გახსნა. 

საელჩოს ინფორმაციით, გამოფენა, რომლის გახსნას უამრავი სტუმარი დაესწრო, საქართველოს იტალიის საელჩოსა და ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის თანაორგანიზებით იმართება და ეძღვნება ქალაქ ბიელაში დაბადებულ იტალიელ ალპინისტს და ფოტოგრაფს, ვიტორიო სელას, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს მთიანი რეგიონების ამსახველი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.

ექსპოზიცია მოიცავს ვიტორიო სელას 15 ფოტოსურათს და ექსპოზიციის ავტორისა და კურატორის, ცნობილი ქართველი ალპინისტისა და ფოტოგრაფის ნიკა ლებანიძის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს. სელას ექსპედიციებიდან 135 წლის შემდეგ, ნიკა ლებანიძემ მისი მარშრუტი გაიმეორა და შექმნა ფოტოგამოსახულებები, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ შეცვალა დრომ მთები და პეიზაჟები.

„ვიტორიო სელას ფოტომემკვიდრეობამ, რომელმაც იმდროინდელი მთის ხედები შემოგვინახა, უამრავი მკვლევარისთვის, მეცნიერისთვის, რეჟისორისა და ფოტოგრაფისთვის დღესაც შთაგონების წყაროა. გასულ წლებში, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ვიტორიო სელასადმი მიძღვნილი ოთხი გამოფენა გაიმართა, გარდა ამისა, საელჩომ ხელი შეუწყო მთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოხელოვანად აღიარებულ ფოტოგრაფთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოცემებისა და ვიზუალური მასალების მომზადებას“, - განაცხადა ელჩმა დ’ანტუონომ.

გამოფენა მნახველისთვის 2026 წლის 20 ივლისამდე ღია იქნება.