თუ ვეტო იქნება დაძლეული, "ოცნება" უნდა ელოდოს სანქციებს ბრიუსელიდან და თავისთავად ვაშინგტონიდან. მაგრამ რაც კიდევ უარესია "ოცნებისთვის", ამის შემდეგ ის უნდა ელოდოს ოპოზიციის მტკიცე ერთობას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს შესახებ პარტნიორებს ყველანაირი ინფორმაცია აქვთ.

"ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ასეთი მკაფიო გზავნილები მე არასდროს მომისმენია. მათ აბსოლუტურად სრული, ზუსტი ინფორმაცია გააჩნიათ იმ მავნებლობის შესახებ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოსთვის ჩაიფიქრა და თუ ვეტო იქნება დაძლეული, ანუ კანონი საბოლოოდ გაფორმდება, "ოცნება"  უნდა ელოდოს სანქციებს და უფრო მეტსაც, ბრიუსელიდან და თავისთავად ვაშინგტონიდან. მაგრამ რაც კიდევ უარესია "ოცნებისთვის", ამის შემდეგ ის უნდა ელოდოს ოპოზიციის მტკიცე ერთობას და ჩვენი ხალხის სულ სხვა საპროტესტო ხმას, რომელიც ეს უკვე ჩემი მოსაზრებაა, განაპირობებს იმას, რომ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხი, იმიტომ რომ ამათ ხელში, ამ პირობებში არჩევნების ჩატარება შეუძლებელი ხდება და მით უფრო გახდება, როცა ვეტო დაიძლევა",  - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.