"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ისევ ირაკლი კობახიძე წარადგინა, ფრაქცია "ქართული ოცნება“ კი შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგენს.

"პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განვიხილეთ, გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე.

ჩვენი წესდების თანახმად პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი კობახიძე და ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნა სრულად.

ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.

ასევე მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნეს ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ, ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა მდინარაძემ.