უკვე ათ წელზე მეტია, რაც "ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვას ირგებს. ეს წლები განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა ყველასთვის, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და არ ერიდება საკუთარი კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას მმართველი ხელისუფლების წინააღმდეგ!
პოლიტიკური დევნა, შევიწროება და ძალადობა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ ყოველდღიურ რეალობად იქცა. ხელისუფლების სისტემატური მცდელობა – ძალადობითა და შიშის დათესვით ჩამოაშოროს საზოგადოებრივი სივრციდან ყველა აქტიური და პრინციპული ადამიანი – სულ უფრო აშკარად ქმნის დიქტატორულ სურათს.
განსაკუთრებით გამძაფრდა ეს ტენდენცია მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მაშინ, როდესაც მსოფლიოს თავისუფალი ნაწილი ღიად უჭერდა მხარს უკრაინას, საქართველოს ხელისუფლებამ „ნეიტრალური“ პოზიცია დაიკავა, რომელიც ბევრისთვის ღალატის ტოლფასი აღმოჩნდა. ხელისუფლების ამ ნაბიჯმა ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოიყვანა, მაგრამ სწორედ პერმანენტული აქციების ტალღასთან ერთად დაიწყო ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური აქტივისტების მიმართ რეპრესიების ახალი, ბევრად უფრო სასტიკი ფაზა.
ამ ტალღის ნაწილი გახდა ბექა წიქორიძე – ოპოზიციური პარტიის -“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი, რომლის ისტორია ნათლად ასახავს, რა სიმძაფრის ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
„რუსული ოცნება“ – სიტყვა, რომელიც წამების მიზეზად იქცა
2022 წლის 6 მარტს, ბექა წიქორიძე ქალაქ თბილისში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდა სიტყვით და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საჯაროდ „რუსულ ოცნებად“ მოიხსენია. მისი მიმართვა იყო პირდაპირი, მწვავე და გაბედული: მან ხელისუფლების ლიდერები ღიად დაადანაშაულა ქვეყნის ღალატში. სწორედ ეს სიტყვები გახდა ის საზღვარი, რის შემდეგაც მისი სიცოცხლე და თავისუფლება სასწორზე აღმოჩნდა.
იმავე საღამოს, დიდუბის ტერიტორიაზე, პოლიციამ ბექა დააკავა. სწორედ დაკავების მომენტიდან იწყება 72-საათიანი კოშმარი, რომელმაც მისი ღირსების ფუნდამენტალურად შელახვა გამოიწვია!
72 საათით “გაუჩინარებული” წიქორიძე, რომელიც ცივ საკანში დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა დეტალურად იხსენებს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობებს, რომელთა მთავარ ორგანიზატორებადაც პოლიციელებს ასახელებს:
"სანამ 6 მარტს, საღამოს განვითარებულ მოვლენებს გავიხსენებ თქვენს წინაშე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის უცხო არ არის საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო დევნა. თავდაპირველად ქალაქ ქუთაისში, მერიაში დაკავებული პოზიციიდან გამათავისუფლეს, იმის გამო, რომ უარი განვაცხადე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გავმხდარიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა არჩევნების გაყალბების პროცესში. შემდგომ ჩემი პოლიტიკური აქტივიზმის გამო, ძალადობის მსხვერპლი გავხდი საკუთარ საცხოვრებელ უბანში, კრიმინალური ავტორიტეტის მხრიდან, რომელმაც დამჭრა, რასაც საბოლოოდ სამართალდამცველების აგრესიაც დაერთო თან. სამწუხაროდ, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო ჩემზე იძალადეს, რის გამოც კლინიკაში მომიწია ჰოსპიტალიზება. ფაქტობრივად ეს ძალადობები ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია.
სანამ დეტალებზე ვისაუბრებ მინდა უბრალოდ დაფიქრდეთ, რა უნდა გააკეთოს ჩემმა მსგავსმა უბრალო ადამიანმა? ყველა მხრიდან გვებრძვიან, არც პოლიცია გვიცავს, არც მშვიდად შეგვიძლია გაგვაჩნდეს განსხვავებული აზრი. გამოსავალი არ ვიცი რაშია.
რაც შეეხება ჩემს თავს მომხდარ ამბავს, ეს მაშინ დაიწყო, როდესაც ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვიყავი თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, 2022 წლის 6 მარტს. აღნიშნულ ლოკალურ აქციაზე მე სიტყვითაც გამოვედი და "ქართულ ოცნებას", სამარცხვინო პოზიციის გამო რუსული ოცნება ვუწოდე. ასევე გავაკრიტიკე და ქვეყნის გამყიდველობაში ვამხილე ყველა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც. სწორედ აღნიშნულ დღეს, 8 საათზე დიდუბის მიმდებარედ გამაჩერა პოლიციამ. თან მახლდა ჩემი მეგობარი და თანამოაზრე ბექა ჩხიკვაძე. სწორედ ამ დროს მომიწია პოლიციელ ცოტნე ქართველიშვილთან შეხვედრა. მან მანქანიდან ჯერ გადმოსვლა მიბრძანა, ხოლო როდესაც მიზეზის განმარტება ვთხოვე, იძულებით გადმომათრია. ჩემმა მეგობარმა სცადა სიტუაციაში ჩარევა, თუმცა ქართველიშვილმა მას უხეშად მიმართა. შემეშინდა არ მინდოდა ბექას რამე პრობლემა შეჰქმნოდა, ამიტომ მას ვთხოვე გაჩერებულიყო და ჩემთვის სიტუაციაში გარკვევის უფლება მოეცა. ამ დროს მანქანიდან მეორე პოლიციელი გადმოვიდა, რომელიც ვიცანი. იგი ნიკოლოზ ნაჭყებია იყო ჩემი სკოლელი. ნიკოლოზმა სცადა ჩემი დახმარება და ქართველიშვილთან სიტუაციის გარკვევა, თუმცა ქართველიშვილმა მას უხეშად მიმართა, მანქანაში ჩაჯდომა უბრძანა და პარალელურად მეორე ეკიპაჟს გამოუძახა.
მეორე ეკიპაჟის მოსვლის შემდეგ ჩამიტარეს ალკო ტესტი რომელიც უარყოფითი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა ქართველიშვილი მოითხოვდა ჩემს განყოფილებაში გადაყვანას. პარალელურად ცოტნემ ჩემი მანქანა გაჩხრიკა და იქიდან ამოიღო ჩემი ლეპტოპი, რომელშიც პარტიული სიები და უმნიშვნელოვანესი მონაცემები მქონდა. ასევე მან ჩამომართვა ტელეფონიც. გადაწყდა ჩემი განყოფილებაში გადაყვანა, ძალის გამოყენებით ჩამტენეს მანქანაში და გადამიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს 2 განყოფილებაში, შემდეგ წამიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ორმა პიროვნებამ რომლებსაც პოლიციის ფორმები ეცვათ თუმცა ჩემთვის ვინაობა არ გაუმხელიათ საკანში შემიყვანეს სადაც ტანსაცმლის გახდა მომთხოვეს. უარის თქმის შემდეგ ერთ-ერთმა კეფაში ჩამარტყა ხელკეტი, მე ვუწევდი წინააღმდეგობას, რასაც კიდევ უფრო მეტი ცემა მოჰყვებოდა. მაწამეს, დამამცირეს, მეუბნებოდნენ აბა ახლა გაიმეორე ივანიშვილზე რასაც იძახდიო. ძალით გამაშიშვლეს, ერთკაციან საკანში შემაგდეს სადაც საშინლად ციოდა. მალევე შემოვიდნენ,იგივე პირები საკანში და ცივი წყალი გადამასხეს, სველმა სიცივეში ბეტონის საკანზე გავათიე ღამე.
მეორე დილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წამიყვანეს. სადაც ქართველიშვილის ჩვენების საფუძველზე ბრალი დამდეს პოლიციელის დაუმორჩილებლობაში, სადაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯეს. მიუხედავად იმისა რომ დაზიანებები ცალსახა იყო და ყველაფერი მეტყობოდა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ეს ყველაფერი, არ მომეცა არც ადვოკატთან შეხვედრის უფლებაც. უარი მითხრეს სამედიცინო დახმარების მოთხოვნაზეც. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ 20 წუთის მანძილზე სასამართლოში 2-ჯერ გული ამერია, რასაც პოლიციელების მხრიდან ცინიკური კომენტარებიც კი მოჰყვა. საპატიმროდან რომ გამათავისუფლეს პირდაპირ კლინიკაში წავედი, ტაქსისტს ვთხოვე დახმარება, რადგან არანაირი პირადი ნივთი არ მქონდა. ტვინის შერყევის და სხვა დაზიანებების გამო 12 მარტამდე გავდიოდი მკურნალობას კლინიკაში. რეაბილიტაციისა და ოდნავ გონზე მოსვლის შემდეგ კი დავრეკე გენერალურ ინსპექციაში, რასაც რა თქმა უნდა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, არც ჩემი პირადი ნივთები დაუბრუნებიათ, რის შემდეგაც უკვე თქვენ მოგმართეთ.
ჩემი ისტორია მოწმობს იმას, რაზე არის წამსვლელი ეს ხელისუფლება. მაწამეს დამამცირეს, ქართველიშვილს და მის თანამზრახველებს კი ეს სისასტიკე შერჩათ. მინდა ყველას მოვუწოდო რომ ხმა ამოიღონ და არ შეეგუონ იმ სიმახინჯეს რასაც „ქართული ოცნება“ გვმართებს. იმედია საჯაროობის შემდეგ მაინც მოხდება რაიმე სახის რეაგირება და დამეხმარებიან სამართლის პოვნაში“ - განაცხადებს ჩვენთან საუბრისას დაზარალებული ბექა წიქორიძე.
ჩვენ დავუკავშირდით ბექას მიერ დასახელებულ სამართალდამცავ ნიკოლოზ ნაჭყებიას, რომელმაც ჩვენს კითხვაზე შეესაბამებოდა თუ არა წიქორიძის მონათხრობი სიმართლეს გვითხრა:
"მე მხოლოდ იმის დადასტურება შემიძლია, რომ 6 მარტს ნამდვილად ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას და ჩემს მეწყვილესთან ერთად ვპატრულირებდი დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე.
ვადასტურებ იმ ფაქტსაც, რომ ბექა წიქორიძეს ნამდვილად სკოლიდან ვიცნობ.
როგორც ვიცი, აღნიშნული საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს შესაბამის უწყებაში, ამიტომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, დანარჩენი დეტალებისთვის გთხოვთ მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს“.
რაც შეეხება პრესცენტრის განცხადებას, ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის მოკვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს და ნებისმიერი მსგავსი კონსპირაციებით ვაფერხებთ პროცესს.
წიქორიძის ბრალდებებს უსამართლოს და დაუსაბუთებელს უწოდებენ და მოგვიწოდებენ რომ მოკვლევის დასრულებას დაველოდოთ სჯერა თუ არა ამის დაზარალებულს? არა.
მიუთითებს მსგავსი ზოგადი კომენტარი შსს-ს კრიმინალურ მხარეზე? დიახ. რაშია გამოსავალი ჯერ კიდევ უცნობია თუმცა ფაქტია რომ ბექა წიქორიძის მსგავსად დღეს არაერთი აქტივისტი თუ პოლიტიკური პარტიის წევრი ებრძვის უსამართლობასა და ჩაგვრას პოლიციის მხრიდან.
