დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, ჩემი თხოვნაც იყო, ჩემი კანდიდატურის დასახელება არ მომხდარიყო, შესაბამისად არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება 6 თვით. მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი მიზანი ბრძოლა და პარტიული წევრობაა.

"სამი მიზეზით ვარ დღეს " ნაციონალური მოძრაობის"  ყრილობაზე - უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დელეგატები დღევანდელ ყრილობაზე იმ ნდობისთვის, რაც მათ 2 წლის წინ მომანიჭეს, რომ ორი წელი მემსახურა პარტიისთვის როგორც პარტიის თავმჯდომარეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მოსვლით იყო სწორედ ეს. მეორე მიზეზი იყო ის, რომ თუ აქამდე ვინმემ ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ გაეგოთ, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა, არანაირ თანამდებობას არასოდეს ჰქონია მნიშვნელობა. მთავარია ბრძოლა, მთავარია სიმართლე, მთავარია ღირსება, მთავარია ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ. მესამე მიზეზი, რის გამოც დღეს მე აქ მოვედი, არის ის, რომ მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას რომ მართოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება ის, რომ ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითმა წევრმა.

ჩემი თხოვნაც იყო, ჩემი კანდიდატურის დასახელება არ მომხდარიყო, შესაბამისად არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება 6 თვით. მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში.

განვმარტავ კრიტიკოსებისთვისაც, გულშემატკივრებისთვისაც, მაგრამ, პირველ ყოვლისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის, ვისთან ერთადაც 2012 წლიდან მთელი ჩემი არსითა და შეგნებით ვიბრძვი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არსად წასვლას არ ვაპირებ. ვრჩები იმ ორგანოს წევრად, რომელიც მიმაჩნია, რომ მთავარი პოლიტიკური ორგანოა ამ პარტიაში, ზოგადად დემოკრატიულ პარტიებში, რადგან ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანო“, -  განაცხადა თინა ბოკუჩავამ

" ნაციონალურ მოძრაობა"  რიგით მე-13 ყრილობას მართავს.