ეს ტრაგიკული შემთხვევა მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის, ეს ჩვენს დედაქალაქში სისტემური პრობლემის ნაწილია, რომელზე პასუხისმგებლობაც სრულად დედაქალაქის მერიას ეკისრება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

მისი თქმით, დღეს ეს პრობლემა თბილისის თითქმის ყველა ისტორიულ უბანშია.

"ძნელია ანუგეშო ადამიანები, რომლებმაც დღეს, ამ ტრაგედიის შედეგად, ოჯახის წევრი, ახლობელი და მეგობარი დაკარგეს, ვუსამძიმრებ და მათ გვერდში ვდგავარ ამ უმძიმეს წუთებში. მაგრამ ეს ტრაგიკული შემთხვევა მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის, ეს ჩვენს დედაქალაქში სისტემური პრობლემის ნაწილია, რომელსაც ავარიული შენობები ჰქვია და რომელზე პასუხისმგებლობაც სრულად დედაქალაქის მერიას ეკისრება.

დღეს ეს პრობლემა თბილისის თითქმის ყველა ისტორიულ უბანშია, ავარიულ შენობებში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, თუმცა დღეს ამ საკითხის მიმართ სრული იგნორია იმ პირების მხრიდან, რომლებიც ამ საკითხებზე დღე და ღამ უნდა მუშაობდნენ.

ვერც პრევენციულ ზომებს ვხედავთ და მით უფრო, ვერც რაიმე სახის სისტემურ მიდგომასა ან გეგმას, ანდა თუ არსებობს ეს, მხოლოდ ქაღალდზე და ხალხის პრობლემის მოგვარებას არ ემსახურება.

გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან, რომელთა უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების უპირველესი ვალია, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძვის",  - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

თბილისში, "სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.