ახლა ერთიანობა გვჭირდება, 2 წელს მომცემენ თუ 9 წელს, გავაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძნელია ხელისუფლების მომხრეებიც კი დააჯერო, რომ ფულის, იარაღის, ასაფეთქებლების, მოძალადეების, ჯგუფის გარეშე დიქტატორული რეჟიმი ემხობოდა. 

"თურმე, ამხელა გადატრიალება იგეგმებოდა და ამას სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა. პროპაგანდა ეშლებათ, ძნელია მათი მომხრეებიც კი დააჯერო, რომ ფულის, იარაღის, ასაფეთქებლების, მოძალადეების, ჯგუფის გარეშე დიქტატორული რეჟიმი ემხობოდა და ახლა დამატებით რაღაცები შემოაქვთ, რომ აქ ძალადობრივი იყო რაღაც და ხელისუფლებაში ასე ცდილობდნენ მოსვლასო. ჩემი მოტივი კარგად ავხსენი, ყველა აქციაზე ვიყავი და ვიქნები, რადგან არ მინდა ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები აშხაბადში, პუტინთან მიიღებოდეს. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში არ წყდებოდეს. რაც შეეხება იმ ვიდეოს, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჩავედით, 4-ში, ღობე გადანგრეული იყო... ეს ადამიანები აქ გავიცანი და არც ერთი მტკიცებულება რომ ამ ადამიანებთან კავშირი იყო, არ არსებობს, ისინი ტყუილად არიან დაჭერილები... იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც რიგითი ადამიანისთვის, როგორც თქვენ ამბობთ, ორგანიზატორისთვის, ჩემთვის, წარმოუდგენელი იყო, ეს ადამიანები დაეჭირათ და მე დავრჩენილიყავი ისე. ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული, ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ვართ რუსეთში. ახლა ერთიანობა გვჭირდება, 2 წელს მომცემენ თუ 9 წელს, გავაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. 

თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ეს ვიდეოები არანაირ დანაშაულს არ ადასტურებს, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არაფრის შეგეშინდეთ, ბრძოლა ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.