თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი მიზნად ისახავს სტუდენტური ჯგუფების და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ.

"თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, მთლიანად საზოგადოების, განსაკუთრებით კი სტუდენტური ჯგუფების და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ. 

ეს საქმე მმართველი პარტიის მიერ წინასწარ დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე წამოიწყო. იგი ეფუძნება მმართველი პარტიის მიერვე შექმნილ მითს, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეები, აჯანყების მოწყობის მიზნით, ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას აპირებდნენ. თავდაპირველად, ხელისუფლების მიერ მართულმა ტელეკომპანიებმა აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, ხოლო შემდგომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, ამ ლეგენდის მეტი დამაჯერებლობისთვის, უკანონოდ დააკავეს საქმეში ფიგურანტი პირები.

აღნიშნული სქემის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ პროპაგანდისტული არხები, სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო. ცხადია ამ სქემის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების დავალების გარეშე“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.