დღეს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან აქტივისტებმა დააანონსეს აქცია და ჩვენ, როგორც გუშინ მთელი კოალიცია ვუერთდებით ამ აქციას და ყოველ ჯერზე მიიღებს პასუხს ყველა ის მოძალადე, რომელიც ასე იქცევა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პოლიციელის სახელი იდენტიფიცირებულია და ისინი აუცილებლად დაისჯებიან.

"კოალიცია ცვლილებებისთვის", ჩვენი გუნდის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინდელ ამაზრზენ, აღმაშფოთებელ და საშინელ ფაქტს, რომელიც მელიქიშვილზე მოხდა.

ჩვენ ვნახეთ დაორგანიზებული ძალადობა მთავრობადწოდებული ბანდიტების, გადაცმული პოლიციელების მონაწილეობით, კრიმინალების მონაწილეობით, "რუსული ოცნების" პარტიული წევრების მონაწილეობით, არაადამიანური საქციელი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. 

რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, ეს არის არაქართული, შეურაცხმყოფელი მთელი ჩვენი სახელმწიფოსი, ქართველობის, საქართველოსი და აღარ ვლაპარაკობ ევროპულ პერსპექტივაზე. 

ეს არ არის გასაკვირი "რუსული ოცნებისგან", სწორედ ეს არ გვინდა ჩვენ, როდესაც ვებრძვით "რუსულ ოცნებას". მთავარია, მათ იცოდნენ, რომ არცერთი მსგავსი გამოხტომა ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არ ჩაივლის რეაგირების გარეშე, ჩვენ არ დავთმობთ არცერთი ჩვენი მოქალაქის თმის ღერს, არავის გაუვა, რომ ამოეფაროს პოლიციის კორდონს და ასე მოეპყროს საკუთარ მოქალაქეებს. 

როგორც დღეს ამაზრზენად ისაუბრა კალაძემ, რომ ვიღაც ქალია და ვიღაც ქალი არ არის, ეს არ არის საქართველო და ასეთი არ იქნება საქართველო.

დღეს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან აქტივისტებმა დააანონსეს აქცია და ჩვენ, როგორც გუშინ მთელი კოალიცია ვუერთდებით ამ აქციას და ყოველ ჯერზე მიიღებს პასუხს ყველა ის მოძალადე, რომელიც ასე იქცევა.

პოლიციელს თუ არაპოლიციელს მინდა ვუთხრა - თქვენი სახელები იდენტიფიცირებულია და თქვენ ყველანი აუცილებლად დაისჯებით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.