ეს არის ძალიან ცხადი გზავნილი სინდისის ყველა პატიმრისთვის, რომ მათი საკითხი დგას უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში ევროკავშირის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტში, როგორიცაა ევროპარლამენტი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებენ. 

"ეს დებატები და რეზოლუცია მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით: პირველი - ეს არის ძალიან ცხადი გზავნილი სინდისის ყველა პატიმრისთვის, რომ მათი საკითხი დგას უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში ევროკავშირის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტში, როგორიცაა ევროპარლამენტი. ისინი არავის ავიწყდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში და ჩვენი მეგობრები აკეთებენ და გააკეთებენ იმისთვის, რომ განახორციელონ რაც შეიძლება მკაფიო წნეხი რეჟიმზე იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ.

ივანიშვილი არის კაცი, რომელსაც ეგონა, რომ დასავლეთი სუსტია და პუტინი და აიათოლების რეჟიმია მისი დასაყრდენი, თუმცა ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის და რომ დასავლეთი არის მთავარი საყრდენი", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და პოლიტიკური მდგომარეობა განიხილეს.