პოლიციელი, რომელიც ამ დადგენილებას აწერს ხელს და რუსული დადგენილების მიხედვით იარაღის ნებართვას უჩერებს ჩვენს მებრძოლს, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, არის რაღაც ახალი წარმოუდგენელი სირცხვილი, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს შსს-სა და რუსეთს შორის ინტენსიური კავშირია.

"საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე არის ე.წ. ძებნაზე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, როდესაც საქართველოს ე.წ. ხელისუფლება გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის კარნახით და მათი დადგენილებებით.

საქართველოს შსს-ს პირდაპირი რაღაც სახის ინფორმაცია მოსდიოდა რუსეთიდან. ეს ეხებოდა რუს ოპოზიციონერებს ან ჟურნალისტებს, რომლებსაც საზღვარზე არ უშვებდნენ. ასეთ ადამიანებზე ინფორმაციას, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერი დაუშავებიათ, ერთადერთი ახსნა აქვს, რომ რუსეთიდან იღებდნენ ინფორმაციას, შემდეგ საზღვარზე სია არსებობდა. ახლა გაცილებით უარესად იქნება ვითარება, ახალ შემზღუდავ კანონს იღებენ, რომელიც პირდაპირ აუკრძალავს ყველა იმ ადამიანს შემოსვლას, ვინც არ მოეწონებათ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ორმხრივი თანამშრომლობა, როგორც ჩანს, არის ძალიან ინტენსიური. ყველაზე უფრო საშინელი არის, რომ 2008 წლის ომში ჩვენ დავკარგეთ ბევრი ღირსეული პოლიციელი და ამ ომში გვყავს დაკარგული პოლიციელი გმირები, რომლის დისკრედიტაციასაც წულუკიანის კომისია ახდენს. 

პოლიციელი, რომელიც ამ დადგენილებას აწერს ხელს და რუსული დადგენილების მიხედვით იარაღის ნებართვას უჩერებს ჩვენს მებრძოლს, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, არის რაღაც ახალი წარმოუდგენელი სირცხვილი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინაში მებრძოლი რატი ბურდულის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომლებიც რუსეთმა გაასამართლა, შსს იარაღის ჩაბარებას სთხოვს.