დღეს საქართველოს ბედი წყდება აქ, რუსთაველზე და რაც კი სიკეთე გაკეთდა, გააკეთა ამ აქციებმა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი რამ სასიკეთო გაკეთდა, ეს აქციების დამსახურებაა.

"დღეს თუ რამე სასიკეთო კეთდება საქართველოში, პროტესტის შედეგია, თუნდაც ის, რომ სანქციები შემოიღო გერმანიამ და ასევე, ველოდებით აშშ-ისგან მნიშვნელოვან ამბებს. ერთი ან ორი დღითაც რომ შეწყდეს ეს აქციები, ნიშნავს იმას, რომ სინდისის პატიმრებს გავუხანგრძლივებთ იქ ყოფნას და ნიშნავს მათ უპატივცემულობას. ამიტომ, ყოველთვის უნდა ვიყოთ აქ, ეს აუცილებელია. დღეს საქართველოს ბედი წყდება აქ, რუსთაველზე და რაც კი სიკეთე გაკეთდა, გააკეთა ამ აქციებმა. 

ასე იქნება ყოველთვის, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ მიზანს და მიზანი ძალიან ახლოა. ეს რეჟიმი დამარცხდება. არ შეიძლება, რომ ბოროტება ამდენი ხანი იყოს", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები 118-ე დღეა, აქციებს მართავენ. მთავარი მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებაა.