თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრების განკარგულების მიღება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებაში თავიანთი ინტერესები გააჩნიათ.

"ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არ უნდა მივაქციოთ იმ განცხადებებს ყურადღება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მოდის ევროპული ბიუროკრატიიდან და რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუითაა გაჯერებული. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არა საჩვენო. ჩვენ ამ ყველაფერს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს, უსაფრთხოებას, მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ევროპარლამენტი აკეთებს იმავეს, რასაც საქართველოში აკრიტიკებენ.

"ის, რასაც ჩვენ გვიშლიდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება აღნიშნული კანონების მიღებაო, დღეს თვითონ იღებენ და ამკაცრებენ კანონს, რათა გამჭვირვალე იყოს ყველაფერი. ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. გვინდა, რომ გამჭვირვალე იყოს პროცესები. ზოგიერთი ევროპარლამენტარი რომ გამოდის და ამბობს, სხვა გზებს ვეძებთ და შავ ხვრელებს, როგორ შემოვიტანოთ ფული საქართველოშიო, ეს არ გვინდა ზუსტად. შენ დალოცვილო, თუ კარგ საქმეს აკეთებ, რა გაქვს დასამალი? ხომ უნდა იყოს გამჭვირვალე ყველაფერი? მეორე იყო ოჯახური ღირებულებების თემა. ესეც ხომ მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის? თუ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა გამოდის? - ოჯახური ღირებულებების საკითხიც არ არის მისაღები მათთვის და უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვეუბნებიან. ეს უკვე ჩვენთვის არაა მისაღები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიღებულ კანონებს ეხებოდა.

"ბატონმა ფიშერმა თავი დაანებოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და მიხედოს თავის საქმეს, თავის ქვეყანას. ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითია. ელჩი დავარქვა თუ რა დავარქვა არ ვიცი ამ ადამიანს, თავისი ქმედებებით ელჩის გარდა ყველაფერია. საზოგადოებამ განსაჯოს ყველაფერი, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.