ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას 97 მომხრე და 12 წინააღმდეგი ჰყავდა. 

კონგრესის შეფასებით, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის წინაშეა, სწრაფი დემოკრატიული უკუსვლის, მაღალი პოლარიზაციის, ადგილობრივ ხელისუფლებებზე ერთპარტიული კონტროლის და წარსული რეკომენდაციების შეუსრულებლობის ფონზე. 

ასევე, კონგრესმა დღეს გამოხატა შეშფოთება საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით - ქვეყანაში, რომელიც ევროპის საბჭოს დიდი ხნის და მნიშვნელოვანი წევრია.

კონგრესის წევრებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაახლოს პოლიტიკური დიალოგი ყველა დონეზე, ინკლუზიური პროცესის გზით, რომელიც ყველა მხარეს ჩართავს, პოლარიზაციის შესამცირებლად და პლურალისტური დემოკრატიისთვის აუცილებელი ბალანსის აღსადგენად. 

კონგრესმა ასევე დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის მისიის ორგანიზების გზით.