ის, რაც ნატოს სამიტზე მოხდა, პირდაპირი დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ქვეყნის ინტერესების ღალატისა. ამ ღალატს არ აპატიებთ ქართველი ხალხი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" რიტორიკა ზუსტად ემთხვევა რუსულს.

"ის, რაც ნატოს სამიტზე მოხდა, პირდაპირი დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ქვეყნის ინტერესების ღალატისა. ნატოს სამიტების დეკლარაციაში ეტაპობრივად ჩანს, თუ როგორ ღალატობს ქვეყნის ინტერესებს "ქართული ოცნება", როგორ უახლოვდება რუსეთს და ეს ზუსტად ემთხვევა იმ რიტორიკასა და პოლიტიკას, რასაც "ქართული ოცნება" აწარმოებდა. ამ დოკუმენტში ხსენება არ არის საქართველოსი. ყველა მნიშვნელოვანი თეზისი იქნა ამოღებული. საქართველო ნახსენებია მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ რუსეთმა მოლდოვიდან და საქართველოდან ჯარი უნდა გაიყვანოს. აქამდე მიგვიყვანა "ქართულმა ოცნებამ".

ევროკავშირის კარი ჩაიკეტა, ნატოს კარი ჩაიკეტა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, საქართველომ თავისი პოლიტიკური ორიენტაცია ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალა. საქართველოს ხელისუფლებას და მარიონეტ დეპუტატებს ამ ღალატს არ აპატიებს ქართველი ხალხი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნატოს 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული. დოკუმენტში წერია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი "მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული".