“ევროპარლამენტარების ვიზიტი ემსახურება ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების აუცილებლობა და ქართველი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შენარჩუნება”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“უპირველეს ყოვლისა ევროპარლამენტარების ვიზიტი ემსახურება მხარდაჭერის გამოხატვას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, განვიხილეთ ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა. იცით, რომ მე პირადად ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული იმ ძალისხმევაში, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისაჯონ ივანიშვილის ავტოკრატიული ნაბიჯების გამო და უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ მოხდეს ე.წ ბლანკეტური წესის გამო, ანუ არ შეეხოს ყველა მოქალაქეს და შეეხოს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს, ფინანსურ ელიტას, მოძალადეებს, ცრუ მოწმეებს, ე.წ მოსამართლეებს და მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა ძალიან ნაყოფიერია, არის პროგრესი და იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება ამ მექანიზმის ამოქმედება”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.