სარდლობის დეფიციტი გვაქვს და ეს არის მთავარი არგუმენტი, რის საფუძველზეც "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძალაუფლებას, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი ბუნებრივია, ვერ დაკარგავს ძალაუფლებას, რადგან მისთვის ძალაუფლება საქართველოში ერთადერთი გარანტიაა, რომელიც უზრუნველყოფს მის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ის ვერ ხედავს სხვა ინსტრუმენტს არც საქართველოში, არც დასავლეთში და არც რუსეთში, რომელიც მას ამ დაცულობას შეუნარჩუნებს.

აქედან გამომდინარე, მას მხოლოდ გარკვეული პროცესების იმიტირება შეუძლია, ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. რა შეიძლება იყოს ეს ტაქტიკური მოსაზრებები? მთელი ამ წლების განმავლობაში მისთვის დამახასიათებელი იყო სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პრემიერ-მინისტრისთვის "ყელსახვევის" გახანგრძლივება, რათა შეექმნა ილუზია, რომ გადაწყვეტილებებს ისინი იღებდნენ და ამით მაქსიმალურად აერიდებინა თავიდან პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა, რომელიც ფორმალურ თანამდებობის პირზე გადადიოდა.

დღეს მისთვის განსაკუთრებით მძიმე ეტაპია, რადგან ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს ავტორიტარული რეჟიმი.

მივდივართ იმ ფაზაზე, როცა ივანიშვილს მოუწევს ავტორიტარიზმის გამყარება. ეს ურთულესი პროცესია, რაც მასაც მშვენივრად ესმის. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანი ხდება იმიტაციისგან რეალურ ნაბიჯებზე გადასვლა.

ჩვენ გვყავს დიდი არმია, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას შეაზანზარებდა, რაც არაერთხელ ვიხილეთ, თუმცა ეს ენერგია დღეს დაქსაქსულია.

პრობლემა იმაშია, რომ არ არსებობს არმია, რომელიც მთავარსარდლის გარეშე ომს მოიგებს.

დღეს სწორედ სარდლობის დეფიციტი გვაქვს და ეს არის მთავარი არგუმენტი, რის საფუძველზეც "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძალაუფლებას", - განაცხადა ხუხაშვილმა.