ქალბატონი ფონ დერ ლაიენის პასუხი მოვიდა გუშინ, რომლითაც ის გვიდასტურებს პატივისცემას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, პირობას გვაძლევს, რომ არცერთი მოლაპარაკება, რომელიც სირიის ინტერესებშია ევროკავშირის მხრიდან მათი დახმარების და სხვა ტიპის თვალსაზრისით, არ იქნება იმგვარად წარმართული, რომ არ იქნეს ნახსენები აფხაზეთის ე.წ. აღიარების საკითხის უკან წაღება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან წერილობით მიმართვა ელენე ხოშტარიას ინიციატივა იყო.

"მინდა, გაჩვენოთ წერილი, რომელიც მოგვივიდა ჩვენი წერილის საპასუხოდ. ქალბატონი ფონ დერ ლაიენის პასუხი მოვიდა გუშინ, რომლითაც ის გვიდასტურებს პატივისცემას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, მადლობას გვიხდის ამ წერილისთვის და პირობას გვაძლევს, რომ არცერთი მოლაპარაკება, რომელიც სირიის ინტერესებშია ევროკავშირის მხრიდან მათი დახმარების და სხვა ტიპის თვალსაზრისით, არ იქნება იმგვარად წარმართული, რომ არ იქნეს ნახსენები აფხაზეთის ე.წ. აღიარების საკითხის უკან წაღება. 

სირიას ძალიან სჭირდება ევროკავშირის დახმარება და ამიტომ, ამ ტიპის ზეწოლა ამ გადაწყვეტილების მიღების კუთხით, შეიძლება იყოს გადამწყვეტი.

ეს ელენეს ხოშტარიას ინიციატივა იყო იმთავითვე და ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავეთ იმაზე, რომ ინიციატივა ყოფილიყო წარმატებული და ის შედეგი მოეტანა, რომელიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ მოიტანა, მაგრამ მთავარი შედეგი არის წინ -  ეს აღიარება უკან უნდა წაიღოს სირიამ. ეს არ არის მარტივი იმიტომ, რომ ძალიან დიდია სირიაში ეთნიკურად აფხაზთა მოსახლეობა და საკმაოდ გავლენიანი ლობი აქვს სირიაში აფხაზებს, ამიტომ, სამუშაო ძალიან ბევრია. ჩვენ უნდა გავწიოთ ეს ჭაპანი და მთავარი წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნისა ამგვარ საკითხებში უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ხელისუფლებაში დემოკრატიული ოპოზიცია არ მოსულა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ევროკომისიის პრეზიდენტს  ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილობითი თხოვნით მიმართა, რომ სირიასთან მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი მთავარი თემა ყოფილიყო სირიის ყოფილი ხელისუფლების მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმება.