ქართულ მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენები უზომოდ დიდია, - ამის შესახებ  იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველად, საქართველოს ისტორიაში შს მინისტრი "მაგნიტსკის სიაშია" მოხვედრილი.

"ადამიანი, რომელიც ადრე პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა, მერე ვითომ ახორციელებდა მოსამართლის ფუნქციებს და შემდეგ ისევ პოლიტიკურ თანამდებობას უბრუნდება ახსნა-განმარტებების გარეშე. ეს მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენები უზომოდ დიდია. 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ჩადენილი აქვთ ათეულობით ადამიანის უფლების უმძიმესი დარღვევა, დანაშაული და პირველად, საქართველოს ისტორიაში ფორმალურად შინაგან საქმეთა მინისტრის სტატუსის მატარებელი პირი სანქცირებულია და "მაგნიტსკის სიაშია" მოხვედრილი", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძე.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.