სამწუხაროდ, ძალიან ახლოს ვართ უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, ჩვეულებრივი მოქალაქეები დღეს უვიზოდ დადიან ევროკავშირში, სწორედ ევროკავშირის პოლიტიკური სწორი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, წლის ბოლოს ევროკავშირის შესაბამისი კომისია დადებს დასკვნას, იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის მოთხოვნებს, რაზე დაყრდნობითაც  იქნება რეკომენდაციები. 

"როდესაც არსებობს მიზეზები უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს მიზეზები იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს მთლიანად მოსახლეობას, აქედან გამომდინარე, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, ჩვეულებრივი მოქალაქეები დღეს უვიზოდ დადიან ევროკავშირში, სწორედ ევროკავშირის პოლიტიკური სწორი გადაწყვეტილებაა. ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იმაში გამოიხატა, რომ მიზეზების არსებობისდა მიუხედავად, მხოლოდ "ქართულ ოცნებას" დაუწესეს ეს სანქცია და არა მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს.

პროცედურულად სად მივდივართ - წლის ბოლოს ევროკავშირის შესაბამისი კომისია დადებს დასკვნას, იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის მოთხოვნებს, რაც ძნელი მისახვედრი არ არის, რა იქნება. ამ დასკვნაზე დაყრდნობით კი იქნება რეკომენდაციები, რომელსაც ევროკომისია სთავაზობს ევროპულ საბჭოს. ჩემი გამოცდილებით, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება, როდესაც საბჭო არ ითვალისწინებს ევროკომისიის რეკომენდაციას, აქედან გამომდინარე, წლის ბოლოს თუ ევროკომისია დადებს უარყოფით დასკვნას საქართველოსთან მიმართებაში, რაც ძალიან მოსალოდნელია, იმის იმედზე ყოფნა, რომ ევროპის საბჭო მერე მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კომისიის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, ეს ძალიან რთული ამბავი მგონია, ამიტომ, სამწუხაროდ, ძალიან ახლოს ვართ უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.