ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი საყრდენი დასავლეთისთვის კავკასიის რეგიონში ხდება სომხეთი და არა საქართველო, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესს, - ამის შესახებ “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ნაბიჯებს დასავლეთიდან მოჰყვება დამატებითი და მყისიერი ნაბიჯები სანქციების სახით.

"ქართული ოცნების" სრულიად არაადეკვატურმა საგარეო პოლიტიკამ მიგვიყვანა ამ ამ მდგომარეობამდე. ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს გაცილებით უფრო მარტივად შეუძლიათ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება "ქართულ ოცნებასთან" მიმართებით და ეს შეიძლება იყოს უფრო მოქნილი, უფრო ეფექტური და ძლიერი  სანქციების გამოყენება და, რა თქმა უნდა, ეს დღის წესრიგში აუცილებლად დადგება. ამას ემატება ამერიკის შეერთებული შტატები, მათ წინა შეხვედრაზე საკმაოდ მყარად დააფიქსირეს პოზიცია, "ქართული ოცნებისგან" კი ამაზე რეაქცია და რეაგირება არ გვინახავს, საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ მივიღებთ აშშ-ის და ევროკავშირის ინტერესების თანხვედრას, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" არის ძალიან პრობლემური, ამ შემთხვევაში, ჩვენ დავინახავთ გაცილებით უფრო მეტ ქმედით ნაბიჯს "ოცნებასთან " მიმართებით.

"ქართულ ოცნებას" ნებისმიერი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, ან განცხადება, კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე აქამდე იყო. “ქართული ოცნების” მთელი ბაქიბუქი, რომელსაც ვისმენდით ბოლო პერიოდში აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ არაფერ არ ეფუძნება. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი საყრდენი დასავლეთისთვის კავკასიის რეგიონში ხდება სომხეთი და არა საქართველო, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესს", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.