დღეს ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისივე თქმით, ამ რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ადამიანები.

"ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ. შეგუებული იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის, მაგრამ დღეს ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები.

ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის. ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია!
მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!", - წერს გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძის მამა 25 ივნისს გულის შეტევით გარდაიცვალა.