ამომრჩევლის მთავარი დაკვეთა არის "ქართული ოცნების" მოშორება ხელისუფლებისგან, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა, დავდგეთ განვითარების გზაზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი გამოსავალი ერთიანობაა.

"ჩვენ არ ვაპირებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ ვამბობთ - ჯერ საერთო ეროვნული საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ თვითმმართველობის. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს და ამაზე ორაზროვნება არ შეიძლება. 

შევაფასოთ, რა მდგომარეობაშია "ქართული ოცნება" - ისინი არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისინი არიან მოკვეთილი და იზოლირებული საერთაშორისო სამყაროდან და ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან. მათ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ჩაესვლებათ, მათზე სანქციებია, ძალიან ეშინიათ ახლა ბრიტანული სანქციების, რომელიც წამოვა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ეშინიათ დამატებითი სავიზო შეზღუდვების, რომელიც უწესდებათ მათი გუნდის წევრებს და ყველა თემა, რომელიც მათ შემოაქვთ, არის იმისთვის, რომ მყარი ნარატივი როგორმე შეინარჩუნონ.  

ამომრჩევლის მთავარი დაკვეთა არის "ქართული ოცნების" მოშორება ხელისუფლებისგან, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა, დავდგეთ განვითარების გზაზე - ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.