უდიდესი დეველოპერული კომპანიის, EMAAR ჯგუფის საინვესტიციო პროექტი საამაყოა იმითაც, რომ დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქალაქთან ახლოს გაჩნდება, განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, სწორად განხორციელებული პროექტი, რაც ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე ძალიან ნეგატიური კამპანია მიმდინარეობდა კონკრეტული ჯგუფებისა და ტელეკომპანიების მხრიდან.

"ეს საინვესტიციო პროექტი უპრეცედენტოა. ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე, როდესაც ჯერ არ იყო გადაწყვეტილი მოხდებოდა თუ არა მსოფლიოში ამ უდიდესი დეველოპერული კომპანიის შემოსვლა საქართველოში, როგორი ნეგატიური კამპანია ხორციელდებოდა.

აღარ დავიწყებ იმის ახსნას, თუ ვისგან და ვინ იყვნენ ის სპიკერები და რა იყო მათი ძირითადი მესიჯები - თითქოს  ეს იყო შეუძლებელი, რომ მსოფლიოს უდიდესი კომპანია შემოსულიყო საქართველოში, გვადანაშაულებდნენ ტყუილში, თითქოს არასწორ ინფორმაციას ვავრცელებდით.

როდესაც პრემიერს ვახლდი ოფიციალური ვიზიტისას საამიროებში და მაშინ აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობასთან პირველი შეხვედრა მოხდა, მახსოვს როგორი მესიჯები ჟღერდებოდა კონკრეტულ ტელევიზიებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არანაირი საფრთხე ამ პროექტის განხორციელებიდან გამომდინარე ქვეყანას არ შეექმნება, რადგან სახელმწიფოში მოქმედებს კანონები  და კონსტიტუცია.

"ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მაგარია, რომ აღნიშნული  კომპანია შემოდის საქართველოში და ახორციელებს  6 მილიარდის ოდენობის  ინვესტიციას.

არანაირი საფრთხე  არ არსებობს იმიტომ, რომ ქვეყანაში გვაქვს კანონები და კონსტიტუცია რომელიც ამ ქვეყანას იცავს.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ყოველთვის იქნება დაცული ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.

პროექტს, რაც შეეხება, დაახლოებით, 3 მლრდ. დოლარის ოდენობის ინვესტიცია თბილისთან ახლოს განხორციელდება, ხოლო პროექტის შინაარსთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება პრეზენტაცია. აქ დასამალი არაფერია. ამ მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მე არ მახსოვს ქვეყანაში როდის განხორციელდა - არასდროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.