„ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული შანტაჟი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, რომელსაც სასამართლო არაფორმალური მმართველების დავალებით ასრულებს“ - ამის შესახებ თბილისის მერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, როგორც წინა შემთხვევებში მოხდა, აღნიშნულ პროცესს ბიძინა ივანიშვილი მოიგებს, თუმცა, დიდი ალბათობით აღსრულება არ მოხდება.

"რა თქმა უნდა, შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანი ქვეყნის ინტერესების დათმობა იყო, მაგრამ მან პრინციპული პოზიცია დაიკავა, რადგან საქმე ქვეყანას და მის მომავალს ეხებოდა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი სწორედ ამ პრინციპით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, სადაც, პირველ რიგში, საქართველოსა და ხალხის ინტერესებია გათვალისწინებული.

დღეს, ყველა კარგად ხედავს, რომ ადგილი აქვს შანტაჟს და ეჭვიც არავის უჩნდება. ყველა სასამართლო დავა, რაც ბატონ ბიძინას სხვადასხვა ინსტანციაში ჰქონდა, მოიგო, მაგრამ თანხა არ დაუბრუნეს. დიდი ალბათობით, აღნიშნულ სასამართლო პროცესზე იგივე დამოკიდებულება ექნებათ - ბიძინა ივანიშვილი დავას მოიგებს, მაგრამ აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, რომელსაც არაფორმალური მმართველების დავალებით ასრულებენ. ვიცით რა პროცესები მიდის - არსებობენ არაფორმალური მმართველები, რომლებიც მართავენ მსოფლიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილის შესახებაც, სადაც საუბარია ამერიკულ სანქციებზე.

"რაც გინდათ ის დაარქვით - გინდ სანქციების მუშაობა, გინდ არმუშაობა. ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მომავალი დგას. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ჩვენც დაგვიწესა სანქციები და არ შეგვიძლია იმ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლა. როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, აქ სანქციებზე საუბარი ზედმეტია. მე რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად შევძლო, ჩემი ქვეყნის ინტერესები უნდა დავთმო, მივუერთდე სანქციებს, რითაც დავაზიანებ ქართველ ხალხს, ქართულ ეკონომიკას, სახელმწიფოებრიობას და ა.შ. ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში, ისეთი უსამართლობები ხდება, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.