Axios-მა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა, რომლის ხელმოწერისკენაც აშშ უკრაინასა და რუსეთს უახლოეს მომავალში მოუწოდებს.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ გეგმა უკრაინისთვის "რთულია“, თუმცა აშშ მიიჩნევს, რომ ომი უნდა დასრულდეს და თუ ეს ასე არ მოხდება, უკრაინა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს.

Axios-ის ცნობით, უიტკოფმა გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთანაც. დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ, უიტკოფმა გეგმა ზელენსკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან რუსტემ უმეროვთანაც განიხილა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Axios-ს ასევე განუცხადა, რომ ადმინისტრაცია გეგმას „ცოცხალ დოკუმენტად“ მიიჩნევს, რომლის მოდიფიცირებაც მხარეებთან განხილვების საფუძველზეა შესაძლებელი. ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინამ მოლაპარაკებების დროს ბევრ საკითხს დადებითად უპასუხა და შეძლო მისი ზოგიერთი პოზიციის ჩართვა.

გეგმის სრული ტექსტი

1. დადასტურდება უკრაინის სუვერენიტეტი.

2. უკრაინას, რუსეთსა და ევროპას შორის დაიდება ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება. ბოლო 30 წლის ყველა ბუნდოვანება მოგვარებულად ჩაითვლება.

3. რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ნატო არ გაფართოვდება.

4. რუსეთსა და ნატოს შორის გაიმართება დიალოგი, შეერთებული შტატების შუამავლობით, უსაფრთხოების ყველა საკითხის გადასაჭრელად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.

5. უკრაინა მიიღებს საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს.

6. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა შემოიფარგლება 600,000 პერსონალით.

7. უკრაინა თანხმდება, რომ კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ნატოში არ შევა და ნატო თანხმდება, რომ თავის წესდებაში შეიტანოს დებულება, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკრაინა მომავალში არ მიიღებს მას.

8. ნატო თანხმდება, რომ უკრაინაში ჯარები არ განლაგდება.

9. ევროპული გამანადგურებლები პოლონეთში განთავსდება.

10. აშშ-ის გარანტია:

ამერიკის შეერთებული შტატები გარანტიისთვის კომპენსაციას მიიღებს; თუ უკრაინა რუსეთში შეიჭრება, ის გარანტიას დაკარგავს; თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გადამწყვეტი, კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა, ყველა გლობალური სანქცია აღდგება, ახალი ტერიტორიის აღიარება და ამ შეთანხმების ყველა სხვა სარგებელი გაუქმდება; თუ უკრაინა მოსკოვზე ან სანქტ-პეტერბურგზე რაკეტას გაუშვებს დასაბუთების გარეშე, უსაფრთხოების გარანტია ძალადაკარგულად ჩაითვლება.

11. უკრაინას აქვს ევროკავშირის წევრობის უფლება და ამ საკითხის განხილვის პერიოდში მიიღებს მოკლევადიან შეღავათიან წვდომას ევროპულ ბაზარზე.

12. უკრაინის აღდგენისთვის ძლიერი გლობალური პაკეტი:

უკრაინის განვითარების ფონდის შექმნა, რომელიც ინვესტიციებს განახორციელებს მაღალმზარდ ინდუსტრიებში, მათ შორის ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში. შეერთებული შტატები უკრაინასთან ითანამშრომლებს უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურის, მათ შორის მილსადენებისა და საცავების ერთობლივი აღდგენის, განვითარების, მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის მიზნით.

უკრაინის განვითარების ფონდის შექმნა, რომელიც ინვესტიციებს განახორციელებს სწრაფად მზარდ ინდუსტრიებში, მათ შორის ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინასთან ითანამშრომლებს უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურის, მათ შორის მილსადენებისა და საცავების ერთობლივი აღდგენის, განვითარების, მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის მიზნით. ომით დანგრეული ტერიტორიების აღდგენის ერთობლივი ძალისხმევა ქალაქებისა და საცხოვრებელი უბნების რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიზნით. ინფრასტრუქტურის განვითარება. მინერალების და ბუნებრივი რესურსების მოპოვება. მსოფლიო ბანკი შეიმუშავებს სპეციალურ დაფინანსების პაკეტს ამ ძალისხმევის დასაჩქარებლად.

13. რუსეთი ხელახლა ინტეგრირდება გლობალურ ეკონომიკაში: სანქციების მოხსნა განიხილება და შეთანხმდება ეტაპობრივად და თითოეული შემთხვევის მიხედვით.

შეერთებული შტატები დადებს გრძელვადიან ეკონომიკურ თანამშრომლობის შეთანხმებას ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ცენტრების, არქტიკაში იშვიათი ლითონების მოპოვების პროექტებისა და სხვა ურთიერთსასარგებლო კორპორატიული შესაძლებლობების ურთიერთგანვითარებისთვის.

რუსეთს G8-ში ხელახლა გაწევრიანებას შესთავაზებენ.

14. გაყინული თანხები გამოყენებული იქნება შემდეგნაირად: გაყინული რუსული აქტივებიდან 100 მილიარდი დოლარი ჩაიდება უკრაინაში აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ რეკონსტრუქციისა და საინვესტიციო ძალისხმევაში; აშშ მიიღებს ამ ძალისხმევიდან მიღებული მოგების 50%-ს. ევროპა დაამატებს 100 მილიარდ დოლარს უკრაინაში რეკონსტრუქციისთვის ხელმისაწვდომი ინვესტიციების რაოდენობის გასაზრდელად. დარჩენილი გაყინული რუსული სახსრები ჩაიდება ცალკე აშშ-რუსეთის საინვესტიციო ინსტრუმენტში, რომელიც განახორციელებს ერთობლივ პროექტებს კონკრეტულ სფეროებში. ეს ფონდი მიმართული იქნება ურთიერთობების განმტკიცებისა და საერთო ინტერესების გაფართოებისკენ, რათა შეიქმნას ძლიერი სტიმული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

15. შეიქმნება აშშ-რუსეთის ერთობლივი უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ამ შეთანხმების ყველა დებულების შესრულებას.

16. რუსეთი კანონმდებლობით გაამყარებს თავის თავდაუსხმელობის პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ.

17. შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდებიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულებების გაგრძელებაზე.

18. უკრაინა თანხმდება იყოს არაბირთვული სახელმწიფო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

19. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამოქმედდება IAEA-ს (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) ზედამხედველობის ქვეშ და გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად გაიყოფა რუსეთსა და უკრაინას შორის.

20. ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებსა და საზოგადოებაში, რომლებიც მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურის გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობას, ასევე რასიზმისა და ცრურწმენების აღმოფხვრას.

უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და ენობრივი უმცირესობების დაცვის შესახებ. ორივე ქვეყანა შეთანხმდება გააუქმოს ყველა დისკრიმინაციული ზომა და უზრუნველყოს უკრაინული და რუსული მედიისა და განათლების უფლებები. ყველა ნაცისტური იდეოლოგია და საქმიანობა უნდა იქნეს უარყოფილი და აკრძალული.

21. ტერიტორიები:

ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებული იქნება რუსეთის ტერიტორიად, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საომარი მოქმედებები შეწყვეტილი იქნება შეხების ხაზის გასწვრივ.

რუსეთი უარს იტყვის ხუთი რეგიონის გარეთ მის მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე. უკრაინის ჯარები გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ და ეს გაყვანის ზონა ჩაითვლება რუსეთის ფედერაციის კუთვნილ ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად. რუსული ჯარები ამ დემილიტარიზებულ ზონაში არ შევლენ.

22. მომავალი ტერიტორიული მოწყობის შესახებ შეთანხმების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, არ შეცვალონ ეს მოწყობა ძალის გამოყენებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ გავრცელდება.

23. რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინის მიერ მდინარე დნეპრის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებას და მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის უფასო ტრანსპორტირების შესახებ.

24. შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი გადაუჭრელი საკითხების გადასაჭრელად:

ყველა პატიმარი და დარჩენილი ცხედარი გაიცვლება „ყველა ყველაზე“ პრინციპით.

ყველა დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მძევალი, მათ შორის ბავშვები, დაბრუნდებიან.

განხორციელდება ოჯახების გაერთიანების პროგრამა.

მიღებული იქნება ზომები კონფლიქტის მსხვერპლთა ტანჯვის შესამსუბუქებლად.

25. უკრაინაში არჩევნები 100 დღეში გაიმართება.

26. ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს მათი ქმედებებისთვის და თანხმდება, რომ არ განაცხადონ რაიმე პრეტენზია და არ განიხილონ მომავალი საჩივრები.

27. ეს ხელშეკრულება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მის შესრულებას გააკონტროლებს და უზრუნველყოფს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით მოქმედი მშვიდობის საბჭო. დარღვევებისთვის სანქციები დაწესდება.

28. როგორც კი ყველა მხარე დათანხმდება ამ მემორანდუმს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შეთანხმებულ პუნქტებს დაუბრუნდება შეთანხმების განხორციელების დასაწყებად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სგან გეგმის პროექტი ოფიციალურად 20 ნოემბერს მიიღო და მალე გეგმავს მის განხილვას დონალდ ტრამპთან. თუმცა, გეგმამ კრიტიკა დაიმსახურა როგორც ანალიტიკოსების, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან. მართლაც, დოკუმენტი ფაქტობრივად ითვალისწინებს უკრაინისთვის მნიშვნელოვან დათმობებს. კერძოდ, კიევი ვალდებულია დათმოს დონბასი, თავისი არმიის ნახევარი და სხვა.