ქართველი ხალხი, საერთაშორისო პარტნიორები და მათგან ზეწოლა, ერთობლიობა და სინქრონიზაცია აუცილებლად შექმნის იმ ტალღას, რომლისაც ეშინია ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნების" პასუხისმგებლობით და დანაშაულით გაწყდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

"ნებისმიერი სახის მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა იყოს კოორდინირებული, მე ამის დიდი მომხრე ვარ. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი რესურსი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხედვა - როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები, რეგიონის დაცვის ქოლგა, შავი ზღვის აუზის დაცვა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სალაპარაკო ჩვენს პარტნიორებთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარი გვჭირდება ჩვენს მოქალაქეებთან - ჩვენს ხალხთან.  ქართველი ხალხი, საერთაშორისო პარტნიორები და მათგან ზეწოლა, ერთობლიობა და სინქრონიზაცია აუცილებლად შექმნის იმ ტალღას, რომლისაც ეშინია ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" პასუხისმგებლობით და დანაშაულით გაწყდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციური ალიანსის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვიზიტები იგეგმება.