მათთვისაა გამანადგურებელი ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ როგორც კი შევლენ, "ქართული ოცნება" გამოაგდებს მათ, - ამის შესახებ “ ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდისგან მსგავსი ტიპის ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.

"გახარიას გუნდისგან მოსალოდნელი იყო, მაგრამ შენ თუ ამბობ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მაშინ ესენი იქნებიან არალეგიტიმური დეპუტატები და თუ შედიოდნენ, მაშინ თავიდანვე რატომ არ შევიდნენ?! მე ვფიქრობ, რომ მათთვისაა გამანადგურებელი ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ როგორც კი შევლენ, "ქართული ოცნება" გამოაგდებს მათ. მე ვფიქრობდი, რომ გიორგი გახარიას პარტია ასე მოიქცეოდა იმიტომ, რომ პირველი ნაბიჯი იყო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა პარლამენტში შესვლა. 

ახლა ჩვენი მთავარი კონცენტრაცია უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებზე - არალეგიტიმაციაზე გაგრძელდეს მუშაობა, სანქციებზე გაგრძელდეს მუშაობა.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო კაია კალასისაც. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვინც რეჟიმის სამსახურშია ჩამდგარი, ყველამ გაიაზროს. სექტორული სანქციები სასიცოცხლო და მნიშვნელოვანია.

ჩვენი მხრიდან კი სოლიდარობა მათ, ვინც დაკავებულია და დაკავებულია საქართველოს საუკეთესო ნაწილი. წარმოუდგენელი მასშტაბის რეპრესიებს ასხივებს დღეს რეჟიმი და არ უნდა დაგვავიწყდეს არცერთი დაკავებული მოქალაქე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია "გახარია საქართველოს" განცხადებით, მათი გუნდი პარლამენტში შესვლას გეგმავს, რადგან ბოიკოტმა არ გაამართლა.