სანქციები ზოგში იმედგაცრუებას იწვევს, ზოგში ზედმეტ ეიფორიას. არც ერთია საჭირო და არც მეორე. რაც მოხდა, ნებისმიერ შემთხვევაში, მძიმეა როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე “ქართული ოცნებისათვის”, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს სანქცია დაუწესდა პირადად როგორც ფიზიკურ პირს, რაც იმაზე რბილია, ვიდრე, ფარცხალაძეს ან გომელაურს დაუწესდა. 

"მედიაში თუ აქ, რადგან ხშირად (უფრო ხშირად) არასწორად განმარტავენ ამ სანქციის შინაარსს. მისი ზუსტი ახსნა აუცილებელია თუნდაც იმისათვის, რომ შემუშავდეს სტრატეგია ივანიშვილის  შემდგომი დასანქცირების შესახებ. 

აღნიშნული  ტიპის სანქციები ზოგში იმედგაცრუებას იწვევს, ზოგში ზედმეტ ეიფორიას. არც ერთია საჭირო და არც მეორე. რაც მოხდა, ნებისმიერ შემთხვევაში,  მძიმეა როგორც ბიძინა ივანიშვილისათვის ასევე “ქართული ოცნებისათვის”. 

ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ივანიშვილს სანქცია დაუწესდა პირადად როგორც ფიზიკურ პირს (ანუ, იმაზე რბილია, ვიდრე, მაგალითად,  ფარცხალაძეს ან გომელაურს დაუწესდა). 

ივანიშვილის დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება არის ზოგადად რუსული სანქციის ანალოგი. იქ ისიც წერია, რომ სანქცია ვრცელდება იმ ბიზნესებზეც, სადაც იგი ფლობს წილის 50 პროცენტზე მეტს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილებასთან ერთად, სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა „გენერალური ლიცენზია #116“. ეს ლიცენზია უფლებას ანიჭებს ივანიშვილის მფლობელობაში (50% ან მეტი წილით) არსებულ კომპანიებს განახორციელონ  ფინანსურ ტრანზაქციები ანუ არ ექვემდებარებიან სანქციებს. 
ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ტრანზაქციები აკრძალულია, ამ ლიცენზიის ძალით, აშშ-ის მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს უფლება ენიჭებათ, განახორციელონ ტრანზაქციები/ჩაერთონ ტრანზაქციებში ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტსაც ფლობს ბიძინა ივანიშვილი. აქ არის ერთი გამონაკლისი - ასეთი სახის ურთიერთობები ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის რომელიმე კომპანია ცალკე არის შეყვანილი დასანქცირებულთა სიაში. ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. 

მეორე გამონაკლისი ეხება შვეიცარიის ბანკთან მიმდინარე დავას. ივანიშვილი და მისი კომპანიები ვერ განკარგავენ ამ ფულს ამერიკის ხაზინის სპეციალური ნებართვის გარეშე. აკრძალვა ეხება „ნებისმიერი განაჩენის, ბრძანების აღსრულებას, მოგებას, მორიგების ხელშეკრულებას, რომელიც ასეთი სამართალწარმოებიდან მომდინარეობს, ან რაიმე ტიპის გადახდას, ტრანსფერს, ქონების გადატანას, ან სხვა ტრანზაქციებს“, წერია აღნიშნულ დოკუმენტში. 
თუ რატომ გამოიყენა სანქციის შედარებით რბილი ფორმა ამერიკის მთავრობამ, ეს ცალკე მსჯელობის საგანია. 
ხატოვნად რომ ვთქვათ, ყულფი ყელში მოუჭირეს, მაგრამ არა დახრჩობამდე. უფრო წაუჭერენ  თუ მოუშვებენ, ეს თავად ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა.