ჩვენ ვიხილეთ თავხედური გამოხტომა რუსული რეჟიმის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ. ეს მორიგი თავხედური გამოხტომა იყო და დაჯარიმებით დასრულდა, -  ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოში ჩამოდიან, რომ ქართველ ხალხს გამოუცხადონ სოლიდარობა და მხარდაჭერა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისათვის ბრძოლა.

"ჩვენ ვიხილეთ თავხედური გამოხტომა რუსული რეჟიმის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ. ეს მორიგი თავხედური გამოხტომა იყო და დაჯარიმებით დასრულდა. ყველამ ვიცით, რომ უარყოფილია ყველანაირი დიპლომატიური საერთაშორისო დოკუმენტები, დიპლომატიური რანგის თანამდებობის პირების დაჯარიმება საერთოდ არ ხდება და პასუხისგება ხომ მით უმეტეს. 

შინაარსიც რომ განვიხილოთ ამ თავდასხმის - ბრალდება არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა თითქოს გადაკეტა მოძრაობა. ეს ხომ აბსურდია.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოში ჩამოდიან, რომ ქართველ ხალხს გამოუცხადონ სოლიდარობა და მხარდაჭერა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისათვის ბრძოლა ქართული საზოგადოების და ამიტომ ჩამოდიან ისინიც, "ქართულ ოცნებას" კი სწორედ ეს არ სიამოვნებს და ცდილობენ, დააშინონ დიპლომატები, საქართველოში არ ჩამოვიდნენ, საზოგადოებას მხარი არ დაუჭირონ, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ასეთი მცდელობები ფუჭია და საპირისპირო შედეგს გამოიღებს, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც.

დღეს ყველაზე აქტუალურია საუბარი "ქართული ოცნების" თანამდებობის პირების, ასევე სამართალდამცავი უწყებების, საარჩევნო ადმინისტრაციების და მოსამართლეების სანქცირებაზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვან პასუხს მიიღებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგან "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმის წარმომადგენლები იმ ბრძოლისათვის, რომელიც მათ გამოუცხადეს ქართველ ხალხს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

რაც შეეხება დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, ივანიშვილის მთავარი ამოცანა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმებაა და ბევრი რამ სცადეს ამისათვის და 13 წლის თავზე ვერ მიაღწიეს ამ მიზანს, დღეს კი ასეთი ფორმით - ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ხდება დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომ გაუქმდეს "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვისთვის" 5000 ლარით დააჯარიმა.