ისტორია არ გვაპატიებს, თუ ერთად არ ვიმოქმედებთ. მიიღეთ ჩემი გამოწვდილი ხელი და ვაჩვენოთ ივანიშვილს, რა შეუძლია ერთიანობას. ძალას დავუპირისპიროთ ძალა, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ბრძოლაში ყველა უნდა გაერთიანდეს და სხვა ყველაფერი გვერდზე უნდა გადადონ.

"მე არასდროს მქონია მიუღებლობა კონკრეტული ადამიანების მიმართ, არც მაქვს. როდესაც ადამიანებს უკანონოდ აპატიმრებენ, როგორღა შეიძლება ვისაუბროთ პოლიტიკაზე? პოლიტიკა მკვდარია! პირდაპირ ვიტყვი - ყველაზე დიდი პოლიტიკოსები დღეს ბიძინა ივანიშვილმა ციხეში ჩასვა. ის ახალგაზრდები, ათეულობით თანამოქალაქე, ვინც წინააღმდეგობას უწევდა რეჟიმს, სწორედ ისინი არიან დღევანდელი პოლიტიკოსები და ჩვენ, დანარჩენებმა, უნდა შევასრულოთ ხალხის დაკვეთა.

ვისაც შეუძლია, უნდა იმოქმედოს! ვისაც არ შეუძლია ერთიანობა, ვისაც არ შეუძლია პირადი ამბიციების გადადება, ის უნდა ჩამოშორდეს ამ პროცესს. ახლა ერთიანობის დროა. რა უნდა იყოს ამაზე უარესი, როცა მოქალაქეებს ციხეში ყრიან, მედიას ემუქრება დახურვა - “მთავარი არხი” უკვე დაიხურა, სხვა არხები სუნთქვის ბოლოზე არიან. ეს რეალობაა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მიერ "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ყველამ უნდა დააფიქსიროს.

"გთხოვთ, ნუ დაიწყებთ დისკუსიას იმაზე, გაუქმდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა“. მათთვის "ნაციონალური მოძრაობა" განსხვავებული აზრია. აქ ლაპარაკია განსხვავებული აზრის აკრძალვაზე! სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, ხმა ამოიღოს. თუ ის მართლაც არ ეთანხმება "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას, არ შეიძლება სიტყვა არ თქვას მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონს პარტია. ასევე, მოვუწოდებ "ლელოსაც“, გააკეთოს ოფიციალური განცხადება. 

პარტიები და პოლიტიკა უკვე მეორე პლანზეა, ამაზე უარესი ამ ქვეყანას აღარაფერი აღარ მოუვა. თუ ვინმე ვერ ხვდება, რა ხდება ჩართეთ რუსული არხები და ნახეთ, როგორ ახსენებენ აქ მიმდინარე პროცესებს. ეს ყველაფერი იმ სცენარში ჯდება, რომელსაც რუსული პარტია გვიტარებს. პარტიის აკრძალვებზე ლაპარაკობენ და ზოგი კი – დუმს. ჰგონიათ, მათ არ მიადგებიან?

უკანონოს არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ სანამ ამ რეჟიმს ისე არ მოვექცევით, როგორც ის გვექცევა ჩვენ, არაფერი შეიცვლება.

ვიძახით “ცეცხლი ოლიგარქიას”, მაგრამ მარტო სიტყვები არ კმარა. ჩვენი პროტესტი ყველგან უნდა იგრძნოს, ყველგან უნდა შევაწუხოთ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.