თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს ამჯერად გლდანის რაიონში აწყობს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები N28-33 კორპუსების მიმდებარედ, 3 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

"რეკრეაციული სივრცე ეწყობა გლდანის რაიონშიც. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის მე-8 მიკრორაიონში, N28-33 კორპუსების მიმდებარედ, შესაბამის სამუშაოებს 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. 8 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე უკვე მოეწყო, ხოლო დარჩენილ 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში მოეწყობა გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე განთავსდება საპარკო ავეჯი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი.