როდესაც ჟურნალისტებს აჩუმებენ, მაშინ რეპრესიები და კორუფცია ძლიერდება, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ.

"ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ. როდესაც ჟურნალისტებს აჩუმებენ, მაშინ რეპრესიები და კორუფცია ძლიერდება. ჩვენ ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა გვჭირდება. მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს“, - წერს მარტა კოსი.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადაეცა. მასთან ერთად პრემია ბელარუსმა ჟურნალისტმა ანდჟეი პაჩობუტმა მიიღო.

სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულებისთვის.