შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი: ც.ჟ., კ.მ., გ.თ., მ.ჩ., ა.ვ., გ.ვ., გ.წ., ი.წ., ბ.ჩ., ლ.უ., ლ.მ., და ა.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, კვლავ აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ საავტომობილო გზას და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

„შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, მოახდენენ სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.