ქვეყანაში შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები, გაუმჯობესებულ წინასაარჩევნო გარემოში, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

"26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის არის აუცილებელი.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ისეთი საკითხები, როგორიცაა:

• საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების პრინციპს;

• საარჩევნო დარღვევებზე დავის გადაწყვეტის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა.

ანგარიში ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა მონაცემების არასწორად გამოყენების შესახებ ჩვენი პარტიის მიერ გამოთქმულ ეჭვებზე, როდესაც მოვითხოვეთ ბაზების გასაჯაროება, რაზეც ეჭვის საფუძვლიანობის მიუხედავად ცესკომ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა.

ანგარიში პირდაპირ აკავშირებს არჩევნებთან, ქვეყანაში მიმდინარე მასიურ საპროტესტო აქციებს და ხაზს უსვამს აქციების ძალადობრივად დაშლის და მომიტინგეთა დაპატიმრების ფაქტებს. ასევე, ანგარიში საუბრობს აქციების მონაწილეთა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე.

ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს და ცალსახად უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები, გაუმჯობესებულ წინასაარჩევნო გარემოში, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში", - აღნიშნულია განცხადებაში.