საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე იღებს.

"მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი, ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკურ საბჭოდან, დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, მე ვიღებ ჩემ თავზე ხელმძღვანელობას, მე ვიღებ ჩემ თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოხდეს პარტიის და პარტია იყოს გახსნილი სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის ასევე. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა, ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტსაბჭოში ის ხალხი, ვინც ნაჩქარევად გაყვანილ იქნა. დღევანდელი პოლიტსაბჭო, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია, მაგრამ კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ, რომ არ იყოს გაყოფა და მე ვიქნები გარანტი, რომ იქ არავინ დაიჩაგრება.

ისმოდა  ხშირად, რომ საქართველოს პრემიერმინისტრად დამასახელონ მე, პრემიერ-მინისტრის დასახელება ჯერ არის ძალიან ადრე ჩემო მეგობრებო, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა,  ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.