"ქვეყანაში დგას რუსული შარდის სუნი" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"ვნახეთ რა დამართეს ტურიზმის სფეროს. მთლიანად გაუარესდა ხარისხი და სრულიად ღორული დამოკიდებულება აქვთ ჩამოსულებს ჩვენი ხალხის მიმართ. ქვეყანაში დგას რუსული შარდის სუნი. იქ, სადაც თვითმარქვია ხელისუფლება დგას უკანა თათებზე და რუსეთს შეჰყურებს თვალებში და ცდილობს ყველა მისი სურვილი გამოიცნოს და შეუსრულოს, რათა ყოველკვირეულად ბინძურმა დედაკაცმა, ზახაროვამ შეაქოს მორიგ პრესკონფერენციაზე. ამ ზახაროვას რომ გადაეყაროს სადმე თავმოყვარე ქართველი, ასეთები კიდევ დარჩნენ ბევრნი და უხეშად გასცენ პასუხი, ესეც ქალებზე ძალადობად ჩაითვლება და მასზეც საქმეს აღძრავენ?

სადაც ასეთ ქვეყანაში გამოდიან რუსები, რომელსაც კაპიტულანტური ხელისუფლება ჰყავს, იქ ისინი რა თქმა უნდა, ელიან, რომ თითოეული ქართველი უნდა იდგეს მათ წინაშე უკანა თათებზე და შეუსრულოს მათი ნებისმიერი კაპრიზი, ჯერ გამოიცნოს და მერე შეუსრულოს. თუ ვინმემ გადაუხვია ამას, რა თქმა უნდა, რუსების თვალსაზრისით, იმსახურებს ლანძღვასაც და იმსახურებს თავზე მოსაქმებასაც. ოღონდ აქ კიდევ არის ერთი რამ გასათვალისწინებელი, რაც უფრო დაუწვებით, რაც უფრო თავს დაიმცირებთ, რაც უფრო თავზე ნაცარს დაიყრით, მით უფრო დაგიძახებთ ველურს და მით უფრო გადაწყვეტს, რომ აუცილებელია რეგულარულად თავში თქვენთვის წამორტყმა. დიახაც, რომ ამათთვის თქვენ ხართ, დამცირებული საქართველო შედგება ველური პაპუასებისგან.

ის, რაც კახეთის სასტუმროში მოხდა, არც შემთხვევითია და არც ერთეული და ეს ყველამ იცის. შემოსეული ღორები გვექცევიან როგორც დაპყრობილ ქვეყანას, სადაც მოსულა ის, რაც მათთვის მათ ქვეყანაში არის შეუძლებელი.

ჩემ დროს არ იყვნენ რუსი ტურისტები? - მე გავუხსენი მათ საქართველოში უვიზო მიმოსვლა, მაგრამ რომელი რუსი გაბედავდა სააკაშვილის დროს ასეთი რამის გაფიქრებასაც კი და მშვენივრად იცოდა რა მოუვიდოდა... ესაა ქვეყანა, სადაც ის ჯარისკაცები, რომლებიც მათ შეერკინენ, ანწუხელიძე, მოიხსენიება პიარის სუბიექტებად და მისი ხსენება არ არის რეკომენდებული, უნდათ, რომ დავიწყებას მისცენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პროცესზე განაცხადა, რომ "სასამართლოშიც ძალიან მძაფრად სცემს რუსული შარდის სუნი", რაზეც მას მოსამართლემ შენიშვნა მისცა.

"ამ სასამართლოში ძალიან მძაფრად მცემს რუსული შარდის სუნი, მცემს როგორც შემადგენლობაში, ასევე ამ ბადრაგის მხრიდან, რომელმაც წეღან ბრძანება გასცა ჩემთვის ბორკილები მოეჭირათ ხელზე, კარგად. ეს არის რუსეთის დაკვეთა.

ასე რომ, მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, ჩვენ უნდა გავიდეთ თავისუფლებაზე, ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ჩვენი ღირსება, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სიამაყე იმიტომ, რომ ჩვენი სიამაყის მოკვლა იყო ივანიშვილისთვის და ამ ყველასთვის რუსეთის მთავარი დაკვეთა, დამცირება საქართველოსი და საქართველოს სიმბოლოების...

სანამ თქვენ მონები ხართ, ვერ დავმშვიდდები იმიტომ, რომ მეცოდებით.

მინდა გითხრათ, ან თავისუფლება, ან სიკვდილი და იქნება თავისუფლება და იქნება ჩვენი მტრის და მისი დამქაშების სიკვდილი, ამაში ეჭვი არ მეპარება იმიტომ, რომ ჩვენ ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ, დიქტატურის წინააღმდეგ საჭიროა საზოგადოების გაერთიანება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, შემდეგ კი სასამართლო დარბაზი დატოვა.