თელავის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თამარ კაპანაძემ მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში 18 ივლისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარუდგინეს, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.