"კოალიცია ცვლილებისთვის" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღი და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დაადგინოს, - აღნიშნული მოთხოვნა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ დააყენა. 

მისი თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს შუამდგომლობა არ ეხება და მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება.

"შედეგის დადგომის ვადა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს შეადგენს. მოპასუხე, ამასთან, ითხოვს, რომ სასამართლომ მხარეთა დასკვნით სიტყვებამდე დაადგინოს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასეთ ვადას დაადგენს. მოპასუხე ითხოვს, რომ შუამდგომლობა ამ ეტაპზე გადაწყდეს და არა საბოლოო გადაწყვეტილებამდე გადაიდოს, რათა მხარეებმა სასამართლოს პასუხი დასკვნით სიტყვებში ასახონ.

მოპასუხის პოზიცია საქმის არსებით მხარეზე უცვლელია. სარჩელი მის მიმართ, ფაქტობრივად, დაუსაბუთებელი და სამართლებრივად უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შუამდგომლობა არც სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინია და არც რაიმე გარემოების აღიარება. იგი იმ საკითხს ეხება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი სარჩელის დაკმაყოფილების ყველა შემთხვევაში თავად სასამართლოს უტოვებს, როდის დადგეს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი. აკრძალვის საკითხის გადაწყვეტა და აკრძალვის დაუყოვნებლივ ამოქმედება ორი სხვადასხვა საკითხია და მეორე პირველის აუცილებელი და მყისიერი თანმდევი შედეგი ყოველთვის არ არის. შუამდგომლობის ძირითადი საგანი შედეგის დადგომის დროა. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს შუამდგომლობა არ ეხება. მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება, ანუ როდის გამოაცხადებთ გადაწყვეტილებას, ამაზე ჩვენ, ბუნებრივია, ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება, როდესაც არ უნდა გამოცხადდეს ეს გადაწყვეტილება. შუამდგომლობაზე პასუხი საქმის შედეგის წინასწარ გამჟღავნება ან პოზიციის წინასწარ დაფიქსირება არ არის. თუ სასამართლო ვადის დადგენას დაადასტურებს, მაგრამ მის მინიმალურ ხანგრძლივობაზე ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, მოპასუხე ამასაც მიიჩნევს პასუხად და ხანგრძლივობის საკითხს დასკვნით სიტყვაში ხელახლა დააყენებს. ასევე, მოთხოვნის მინიმალური ვადის არა ნაკლებ ერთი თვის ნაწილში ვადის ხანგრძლივობის არ გაზიარება სასამართლოს მიერ, არ უნდა ჩაითვალოს შუამდგომლობის უარყოფის წინაპირობად და სასამართლოს მიერ უნდა განისაზღვროს მისი მიხედულობით სხვა გონივრული ვადა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.