საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, ის პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენას სთხოვდა, არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის პრინციპით მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განაცხადა,რომ მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი.

"პლენუმმა დაადგინა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ გაჟღერებული შუამდგომლობა, რასაც მხარს უჭერს ყველა მოპასუხე მხარე, არ დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილება საბოლოოა. გარემოებები შემდეგია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა გვიანდელ ვადას. ამავეს ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი, მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით არ არის სხვა ვადა დადგენილი. თავისი არსითაც და შინაარსითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილება იმისა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან. კონსტიტუციის კანონის სულისკვეთება რა არის, რომ იმავე აქტთან გადაწყვეტილებაშივე უნდა მოხდეს მსჯელობა იმის თაობაზე მოხდება თუ არა აქტის აღსრულების გადავადება", - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ დააყენა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების, ანუ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული ვადა დაადგინოს და ის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ დადგეს.