სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობები სათანადო არგუმენტაციის გარეშე არ დააკმაყოფილა, რითაც მხარეებს სარჩელში მოყვანილი ფაქტების გადამოწმების შესაძლებლობა შეუზღუდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო მოსარჩელე მხარეს ეხმარება იმაში, რომ მტკიცებულებების შინაარსობრივი განხილვა არ მოხდეს.

"ყურადღებას გავამახვილებ "კოალიცია ცვლილებისთვის" მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომელიც ითხოვდა გონივრულ ვადას, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ისედაც ითვალისწინებს და ეს ვადა გამოტანილიყო პოლიტიკური პარტიების ნაწილში, რომ მათ და ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, იმ აკრძალვის აღსრულებამდე გონივრულ ვადაში ჩვენი სამართლებრივი და სხვა სახის ურთიერთობები ბოლომდე შევასრულოთ, ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა, მივმართოთ სხვადასხვა ინსტანციას. ეს შესაძლებლობა არ მოკლა საკონსტიტუციო სასამართლომ, ამაზე იყო ბევრი არგუმენტაცია და მტკიცებულება და ამის პასუხად მოვისმინეთ, რომ საოცარია, ადგილზე თათბირით მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ, ფაქტობრივად, სხვა შინაარსი მიუთითეს ამ შუამდგომლობის არ დასაკმაყოფილებლად. ესეც პასუხია და პასუხია იმაზეც, თუ რა განწყობაზეა სასამართლო. ის, ფაქტობრივად, მოსარჩელე მხარეს ეხმარება იმაში, რომ შინაარსობრივი განხილვა არ მოხდეს მტკიცებულებების, რაც პირველ შუამდგომლობასთან იყო დაკავშირებული", - განაცხადა თენგო თევზაძემ.