მოვუწოდებთ კობახიძეს და ივანიშვილის სხვა ლიდერებს, რომ თავი დაანებონ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, იმოქმედონ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ნუ ახმოვანებენ პუტინის და რუსეთის ინტერესებსა და ნარატივებს საქართველოში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ახალი ნარატივი, რომ თურმე ქართველი ხალხი არის რუსოფობი, არის კრემლში მომზადებული.

"ის, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქვს აღიარებული რუსულ ხელისუფლებას და მთელი ომი გადაიტანა ქართველმა ხალხმა ამ წლების განმავლობაში, ის, რომ 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი და შეიქმნა ეს ვითარება რაც დღეს გვაქვს, არ ყოფილა საქართველოს არჩევანი, ამიტომ ქართველ ხალხს ნუ სდებს კობახიძე ბრალს რუსოფობიაში ან ვინმეს სიძულვილში. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვის უნდა უმტროს და ვისთან უნდა გადაიქცეს მოყვრად. ეს ბრალდებები, რუსეთის კრემლიდან წამოსული, ეს ახალი ნარატივი, რომ თურმე ქართველი ხალხი არის რუსოფობი, არის კრემლში მომზადებული რუსული ნარატივი, რომელსაც სამწუხაროდ, უკვე წლების განმავლობაში კობახიძე ახმოვანებს ქართულ საზოგადოებაში. მოვუწოდებთ კობახიძეს და ივანიშვილის სხვა ლიდერებს, რომ თავი დაანებონ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, იმოქმედონ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ნუ ახმოვანებენ პუტინის და რუსეთის ინტერესებსა და ნარატივებს საქართველოში", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემაში განაცხადა, რომ როდესაც საუბარია რუსოფობიაზე, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საკითხები - სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ცალკე საკითხია და მეორეა, საუბარი ერებს შორის ურთიერთობებზე.