ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ სულ უფრო მეტად გვაშფოთებს საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარება და ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის შემაშფოთებელი ქმედებები.

პრემიერ-მინისტრი კობახიძის გადაწყვეტილება, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და დააპატიმროს მათი ლიდერები, არის აღმაშფოთებელი და არადემოკრატიული და კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ აინტერესებს ნორმალიზებული პოლიტიკური დიალოგის გზა.

პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინება, განსაკუთრებით მათი, ვინც აშშ-ის მთავრობასთან ერთად მუშაობდა და ჩვენი კომიტეტის წინაშე ჩვენება მისცა, განსხვავებული აზრის გაჩუმების მცდელობაა იმ ქვეყანაში, რომელსაც ძალაუფლების წინაშე სიმართლის თქმის საამაყო ისტორია აქვს.

ასევე მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მიზანში ამოიღო აშშ-ის მთავრობის ყოფილი თანამშრომლები უსაფუძვლო ბრალდებებით, რომ თითქოს ისინი ძირს უთხრიან საქართველოს მთავრობას.

მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს დემოკრატიასა და მათ შესაძლებლობას, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, ძირს "ქართული ოცნება" უთხრის და არა აშშ.

მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს ელჩის დაბარებაზე, რათა განხილულიყო მოვლენების ასეთი შემაწუხებელი განვითარება და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები ორმხრივ ურთიერთობაში ნებისმიერი სახის ცვლილების განხორციელებამდე.

ვუცხადებთ ჩვენს მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას ქართველ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ თავიანთი თვითგამორკვევის უფლება მოითხოვონ", - აღნიშნულია განცხადებაში.